საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოგრაფებთან სამუშაო შეხვედრა მოაწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ფოტოგრაფებს ახალი პროექტები გააცნო. ახალი პროექტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალის შეგროვებას, შექმნას და ფოტო კონკურსების ჩატარებას მოიცავს.
აღნიშნულ პროექტში ფოტოგრაფები, გიდები და ტურისტული სატრანსპორტო კომპანიები ჩაერთვებიან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერებას და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირებას. პროექტი შიდა ტურიზმის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ნაწილი იქნება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ ფოტოგრაფები ახალი პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მოხარული ვარ რომ ფოტოგრაფების პროფესიით არის დიდი დაინტერესება. ეს არის კარგი PR ინსტრუმენტი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. როგორც ვიდეო, ასევე ფოტო მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისათვის, აქედან გამომდინარე კარგია, რომ ორივე პროფესიის ადამიანების ჩართვა ხდება და სწორი დაგეგმვის შემთხვევაში გაჩნდება ძალიან დიდი ფოტო და ვიდეო ბაზა. ვფიქრობ ასეთი კომუნიკაცია საჭიროა, ხშირად უნდა შედგეს.“ -განაცხადა გიდმა და ფოტოგრაფმა ლევან გიორგაძემ.
„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. გაჟღერდა საინტერესო ინიციატივები, ეს არის ფოტო-კონკურსი, ტურები, სცენების დადგმა და ა.შ. ვფიქრობ ძალიან ბევრი ფოტოგრაფი მიიღებს მონაწილეობას ამ ახალ პროექტებში, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ასევე შიდა ტურიზმს ხელს შეუწყობს. რეალურად ეს ფოტოგრაფები არიან ბლოგერები, ესენი არიან სხვადასხვა სოციალური ქსელების ადმინისტრატორები და ამ ფოტო-მასალების გავრცელებით ხელს შეუწყობენ ტურიზმს და ხალხს მოუწოდებენ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულონ.
ვინც ევროპაში მიემგზავრებოდა ახლა საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებს და მათ ელოდებათ ულამაზესი ტურისტული ადგილები და არანაკლებ კომფორტული სასტუმროები. დარწმუნებული ვარ ბევრი მათგანი ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა ჩვენი ქვეყანა არც ჰქონდა შესწავლილი, როგორც კულინარიის, ადგილობრივი ტრადიციების, ასევე ტურისტული ადგილების მიმართულებით.“ -აცხადებს ფოტოგრაფი გიორგი შერმაზანაშვილი.
ახალი პროექტების განხორციელებით საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალების ახალი ბაზა მომზადდება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში აქტიურად გამოიყენებს.
წყარო: ghn.ge