დიდ ბრიტანეთში კონსერვატორი დეპუტატები საკუთარი ქვეყნის საზღვრებზე კონტროლის დასაბრუნებლად ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულ კანონებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ.
გაერთიანებულ სამეფოში კონსერვატორი დეპუტატები, რომლებიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარს უჭერენ, ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენცია (ECHR), რომელიც, მათი განცხადებით, ქვეყანას საკუთარი საზღვრების დაცვაში ხელს უშლის, ან უგულვებელყონ ან საერთოდ უარი თქვან მასზე.
ევროპისადმი სკეპტიკურად განწყობილ ანალიტიკურ ორგანიზაციაში საუბრისას, Brexit-ის მხარდამჭერმა დეპუტატმა მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ ხელისუფლებას ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის საკითხის წამოწევა არ უნდა ეშინოდეს და დასძინა, რომ ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკა უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ უნდა ექვემდებარებოდეს.
„კონტროლის დაბრუნება ასევე, ჩვენი საზღვრების დაბრუნებას გულისხმობდა. უბრალოდ, მიუღებელია ის ფაქტი, რომ გასულ წელს ქვეყანაში არალეგალურად 44000 ადამიანი შემოვიდა“, – განაცხადა დეპუტატმა.
„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, რომ მინიმუმ ზურგი შევაქციოთ ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს, როგორც ეს პატიმართა ხმის მიცემის უფელებებთან დაკავშირებით გავაკეთეთ. თუ ECHR-ის ეს არ მოეწონება, ჩვენ, ნებისმიერ შეთხვევაში, ECHR-ის დატოვების საკითხი დღის წესრიგში გვექნება. ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს კონტროლი საკუთარ საზღვრებზე“, – დაამატა მან.
პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს უმაღლეს პრიორიტეტად აქცევდა. მან ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ რუანდას პოლიტიკას, რომელიც ბრიტანეთში ჩასული არალეგალი იმიგრანტების აფრიკულ ქვეყნებში დეპორტაციას ითვალისწინებს, მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში ინგლისის არხის გავლით პატარა კატარღების საშუალებით არალეგალი პირების რეკორდულმა რაოდენობამ – 45756 – შეაღწია. მიგრანტების ასეთმა მასობრივმა შედინებამ გაერთიანებული სამეფოს თავშესაფრით უზრუნველყოფის სისტემა სრულიად მოარღვია და მძიმე ტვირთად დააწვა, როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე, მის მოსახლეობას, რომელიც პროტესტის გამოსახატად სულ უფრო ხშირად მართავს აქციებს.
წყარო: itv.ge