აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი, ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო გადადო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს ჩინური სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი.
როგორც ცნობილია, ენტონი ბლინკენი პეკინში თავის ჩინელ კოლეგასა და პოტენციურად ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უნდა შეხვედროდა.
აშშ-ის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებულ საჰაერო ბურთს ჩინეთის ხელისუფლებამ მეტეოროლოგური ხელსაწყო უწოდა, რომელმაც კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა.
პეკინში განაცხადეს, რომ მომხდარი გამო, წუხილს გამოთქვამენ.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დარწმუნებული არიან, საჰაერო ბურთი ჩინეთის „სათვალთვალო ხელსაწყოა“.
ვაშინგტონი აკვირდება მაღალ სიმაღლეზე მფრინავ ბურთს მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დღის წინ შევიდა. ბოლოს საჰაერო ბურთი მონტანას საჰაერო სივრცეში ნახეს.
აშშ-ის სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ ჩამოეგდოთ საჰაერო ბურთი, რადგან იყო შეშფოთება ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო. ვიდრე მონტანას შტატის ქალაქ ბილინგზის თავზე გამოჩნდებოდა, ობიექტმა გადაუფრინა ალასკას ალეუტის კუნძულებსა და კანადას.
მთავრობამ მოამზადა მოიერიშე თვითმფრინავები, მათ შორის „ეფ 22“, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი ობიექტის ჩამოგდების ბრძანებას გასცემს. საფრთხის შესაფასებლად, უმაღლესმა სამხედრო ლიდერებმა, მათ შორის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ შეხვედრა გამართეს.
თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მა ეს საკითხი ჩინელ ოფიციალურ პირებთან დააყენა, ვაშინგტონში მდებარე ჩინეთის საელჩოში და ასევე პეკინში.