ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი პროკურორი ერდოღანის გასამართლებას ითხოვს

გაეროს ეგიდით, ყოფილი იუგოსლავიის გამო შექმნილი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი პროკურორი, შვეიცარელი კარლა დელ პონტე მოწოდებას აკეთებს, გასამართლდეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეფეფ ტაიიპ ერდოღანი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო. დელ პონტემ ამის შესახებ ინტერვიუ შვეიცარულ გაზეთ  “Schweiz am Wochenende”-ს მისცა, იუწყება სააგენტო “როიტერსი”.

“ერდოღანი სირიის ტერიტორიაზე ქურთების გასანადგურებლად შეიჭრა. ეს წარმოუდგენელია. საჭიროა მის მიმართ გამოძიება დაიწყოს. ერდოღანს ბრალი უნდა წაეყენოს სამხედრო დანაშაულებების გამო. არ შეიძლება, რომ მას ეს ყველაფერი შერჩეს” – მტკიცე პოზიციაზეა ყოფილი პროკურორი.

დელ პონტე საკვანძო ფიგურა იყო იუგოსლავიის აწ უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩისადმი ბრალდების წაყენებაში. საბოლოოდ, მილოშევიჩი ისე გარდაიცვალა, რომ მას ბრალი არ დაუმტკიცდა. მეტიც, რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ მას ბოსნიელი მუსლიმების გენოციდში საერთოდ არ ჰქონია რაიმე სახის მონაწილეობა მიღებული. დელ პონტემ აღიარა, რომ მან ეს გარემოებები არ იცოდა და ახალი გადასახედიდან, იგი მილოშევიჩის საქმის გამოძიებას სხვაგვარად წარმართავდა. დელ პონტემ ასევე პოსტ ფაქტუმ ამხილა სერბების წინააღმდეგ აჯანყებული კოსოვოელი ალბანელები ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში, ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში, მაგრამ ამ მხილებებს პრაქტიკული შედეგები არ მოჰყოლია.