კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედარებით გაფართოვდა.
ჩხაიძის თქმით, იმედია, ასე გაგრძელდება და ე.წ. გარე ძალები დააცდიან ექიმებს პაციენტთან მუშაობას.
„შემიძლია, გითხრათ პაციენტის შესახებ, რომ ტემპერატურული რეაქცია არის სუბფებრილურ დონეზე. ტემპერატურა საღამოს 37,2 აღენიშნებოდა, დღეს 37,3 აღენიშნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. მე არ ვიცი, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაციონი უფრო გაფართოვდა და იმედია, ასე გაგრძელდება, თუ ე.წ. გარე ძალები კიდევ არ ჩაერევიან და თუ დაგვაცდიან პაციენტთან მუშაობას. გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, სააკაშვილის ოჯახმა მიიტანა თუ არა ის საკვები, რასაც კლინიკაში ითხოვდნენ, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა:
„დიახ, ოჯახი ყოველთვის დაინტერესებულია მისი მდგომარეობით და, რა თქმა უნდა, ყველაფერს შეასრულებს, რასაც ეტყვის პაციენტზე მართლა მზრუნავი ექიმი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა კომენტარი გააკეთა ასევე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. ჩხაიძის განცხადებით, ადვოკატები აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ კლინიკის დირექტორის, ნინო ნადირაძის დაკითხვისას.
„ნინო ნადირაძემ მთელ ქვეყანას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმეში ძირითადი მოქმედი პირები. ვგულისხმობ ადვოკატებს. მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როდესაც სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა, გუშინ ყველას დაანახეს თავიანთი დარგის სრული უვიცობა. ის, რომ აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებული არიან იმ დარგში, რაზეც ახლა მუშაობენ. მესმის, რომ სამედიცინო სამართლის სპეციალისტებს საქართველოში არ ამზადებენ, მაგრამ ამ საქმით როდესაც დაკავებული ხარ ცხრა თვის განმავლობაში, ელემენტარული რაღაც უნდა წაეკითხათ და უნდა სცოდნოდათ, რაზე ესაუბრათ. აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ და ეს გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.