გიორგი ხოჯევანიშვილი პარტიას „საქართველოსთვის“ და საპარლამენტო მანდატს ტოვებს

მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს, – ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხოჯევანიშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესაძლებლობა არ ეძლევა.

ხოჯევანიშვილის თქმით, პოლიტიკურ აქტივობას არ გეგმავს და აპირებს საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელოს.

„ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება: მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არ მეძლევა საშუალება ეფექტურად მოვახდინო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს.

აქვე გარკვევით მინდა განვმარტო, რომ არ ვგეგმავ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას და ვაპირებ საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, კოლეგებს, თანაგუნდელებს, ასევე ყველა ღირსეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი!“, – წერს ხოჯევანიშვილი.