სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
ილია მეორე მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მათ შორის რვა მათგანის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრები გაავრცელა.