შეშინებული ზელენსკი: „ნამდვილად არ მომკლავს პუტინი?“ ანუ რაზე ისაუბრა ისრაელის ყოფილმა პრემიერმა ბენეტმა

კრემლის მასპინძელმა, ვლადიმირ პუტინმა, ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის, ნაფტალი ბენეტის ინფორმაციით, პირობა მისცა მას, რომ არ მოკლავდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის. ამის შესახებ ბენეტმა ისრაელელ ჟურნალისტთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბენეტი პირველი უმაღლესი რანგის უცხოელი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც პუტინი, ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვში მოინახულა (2022 წლის 5 მარტს). მოსკოვიდან იგი ბერლინში, კანცლერ ოლაფ შოლცთან შესახვედრად გაემგზავრა. სწორედ ამის შემდეგ მიიღო ინტენსიური სახე რუსეთსა და უყრაინას შორის შუამავლობის მცდელობებმა.

ბენეტმა თავისი შუამავლობის შესახებ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ივრითზე შედგა და გამოქვეყნებულია „იუტუბის“ არხზე.

ყოფილი პრემიერის სიტყვებით, კონფლიქტში ლიდერის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია:

„მე ვიცოდი, რომ ზელენსკი საფრთხეში იმყოფება, იგი ბუნკერში იჯდა, რომლის ადგილმდებარეობა უცნობი იყო“.

საუბრის დაწყებიდან სამი თუ ოთხი საათის შემდეგ, ბენეტმა თურმე ჰკითხა პრეზიდენტ პუტინს, სურდა თუ არა მას ზელენსკის მოკვლა. პუტინმა ეს უარჰყო. ბენეტი აღნიშნავს, რომ მას პუტინისთვის უთხოვია, სიტყვა მიეცა მისთვის, რომ ზელენსკის არ მოკლავდა. პუტინის პასუხი იყო: „მე არ ვაპირებ ზელენსკის მოკვლას“.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ, როდესაც კრემლიდან გამოვიდა და კორტეჟი აეროპორტისკენ დაიძრა, ბენეტმა ზელენსკის დაურეკა:

„მისმინეთ, მე შეხვედრიდან მოვდივარ, იგი არ მოგკლავთ“ – უთხრა ბენეტმა ზელენსკის.

საინტერესოა, რომ ზელენსკი იმდენად შეშინებული აღმოჩნდა, რომ მას ისრაელის პრემიერისთვის უკითხავს: „დარწმუნებული ხართ?“, რაზეც ბენეტისგან დამამშვიდებელი პასუხი მიიღო – „ასი პროცენტით“.

ორი საათის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკიმ თავის ოფისში ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ მას არ აქვს სიცოცხლის დაკარგვის შიში.

 

წყარო: BBC