„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, 12 რეკომენდაციაში საუბარია მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე. აკრედიტაციის ახალი წესით კი უმრავლესობა პარლამენტის შენობაში აპირებს, მედიას ცენზურა დაუწესოს.
„ბატონო შალვა, ფორმალურად, დიახ, თქვენ გაქვთ დისკრეციული უფლება, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ დისკრეციული უფლება არ გულისხმობს თვითნებობას. თქვენი უფლებამოსილება ვერ დადგება საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა. ძალიან სამწუხაროა, რომ გადაწყვიტეთ, ერთპიროვნულად მიგეღოთ ეს რეგულაციები მედიისთვის. მინდა მოგიწოდოთ, რომ, მინიმუმ, გამართოთ პოლიტიკური კონსულტაციები პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ასევე მედიასთან და მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია გავალდებულებთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.
ანა ნაცვლიშვილის მიმართვის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.