ვისურვებდი, რომ საქართველოს შიდა საქმეებში სხვა სახელმწიფოები ნუ ჩაერევიან. ეს მათი მანდატი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „პოლონური რადიოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „პოლონურმა რადიომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი მზად არის, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.
ირაკლი ზარქუას თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც, მათ შორის, ევროპული სასამართლოს მიერ აქვს მისჯილი.
„პატიმარ სააკაშვილს სასჯელი მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდანაც და ის საჯელს მოიხდის. პოლონეთი იქნება თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, რჩევა და რეკომენდაცია გასაგებია, მაგრამ მივიღებთ თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია. მოსამართლემ დაადგინა, რომ გადავადების საფუძველი არ არის, მორჩა. ეს სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც კონსტიტუციით და კანონებით იმართება. კანონს პატივს ვცემთ და მოსამართლის გადაწყვეტილება ჩვენთვის უზენაესია. ამაზე აზრის აქეთ-იქით გაცვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიხილეთ დებატები ევროპარლამენტში, როგორ შეიკრიბა იმხელა დარბაზში შვიდი თუ რვა ფასიანი ლობისტი და ერთმანეთში დავობდნენ. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. ასე თავს რატომ იბანძებენ კუბილიუსები და ფოტიგები, ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.