იანვარ–ივნისში 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 16%–ით ნაკლებია.
კორონავირუსის ეპიდაფეთქება საქართველოს ეკონომიკას კვლავ სერიოზულად აზიანებს – ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის პირველ ნახევარში 18,2%-ით შემცირდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 5,1 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მასალებში.
ექსპორტი 2020 წლის დასაწყისიდან ეცემა – იანვარ–ივნისში 1,5 მლრდ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%–ით ნაკლებია.
იმპორტმა 2020 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19,1%–ით ნაკლებია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში დაახლოებით 2,05 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,5%–ია.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.
2020 წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით გაიზარდა ექსპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 8,7%-ით, სპირტიანი სასმელების 8,6%–ით და ოქროსი – 36,6%–ით.
ამავე დროს, შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 35,1%-ით, ფეროშენადნობების 34,3%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 56,9%–ით, აზოტოვანი სასუქების – 17,9%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 24,5%–ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა ძვირფასი ლითონების მადნების იმპორტი 1793,8%–ით, ელექტროენერგიის – 12,4%–ით, ხორცისა და შინაური ფრინველის საკვები სუბპროდუქტების – 7,9%–ით.
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 8,7%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 3,4%-ით და სხვ. ამავდროულად შემცირდა სამკურნალო საშუალებების იმპორტი – 19,7%-ით, სპილენძის მადნებისა – 7,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 0,1%-ით და სხვ.
ამავე დროს, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში დაეცა 43,1%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 12,3%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 32,1%-ით, სამკურნალო საშუალებების – 12,6%–ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 11,7%-ით და ა.შ.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის პირველ ნახევარში არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-ივნისში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,9%-ია.
პირველ ადგილზეა თურქეთი
თურქეთთან ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 697,4 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 17,6%-ით შემცირდა.
მეორე ადგილზეა რუსეთი
2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 13,8%-ით და შეადგინა 584,2 მილიონი დოლარი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,6%.
მესამე ადგილზეა ჩინეთი
საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან 530,7 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,5%–ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 9,8%–ით გაიზარდა.
საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან ასევე: აზერბაიჯანი – 450,9 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – დაახლოებით 282,5 მლნ დოლარი, უკრაინა – 250,3 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 233,6 მლნ დოლარი, გერმანია – დაახლოებით 198,4 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – 209 მლნ დოლარზე მეტი, იტალია – 93,4 მლნ დოლარზე მეტი.
საქართველო იტალიაში ექსპორტზე 45 ტონა ლოკოკინას გაიტანს>>
როდის გაუმჯობესდება ვაჭრობის მაჩვენებლები?
ექსპორტისა და იმპორტის ვარდნის ტემპები შემცირდა – მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს საგარეო ბრუნვა 16%–ით დაეცა, მათ შორის ექსპორტის 13,1%–ით, ხოლო იმპორტის – 17,2%–ით. ამა წლის მაისში კი საგარეო ბრუნვა 33,2%–ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 30,6%–ით, ხოლო იმპორტი – 34,3%–ით.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო ბრუნვის მაჩვენებლები ეკონომიკის ზრდის პირობებში გაუმჯობესდება.
„მაჩვენებლები გაუმჯობესებას დაიწყებს, როგორც კი ეკონომიკაში რამე საკვანძო ცვლილებები მოხდება. ანუ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, როდესაც ადამიანები, რომლებმაც შემოსავლები დაკარგეს, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რამე ალტერნატივას იპოვიან, ან ტურიზმი კვლავ ამუშავდება, ისინი კვლავ მიიღებენ შემოსავალს და მეტს დახარჯავენ”, – განუცხადა ცომაიამ Sputnik–საქართველოს.
ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში გაიზრდება იმპორტი და მათ შორის, შეიძლ;ება ექსპორტზე საუბარიც.
„როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები დაიწყებენ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, ჩვენი ექსპორტიც დაიწყებს გაზრდას”, – აღნიშნა ცომაიამ.
რა ზომებს მიმართავს მთავრობა
ქვეყნის მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვით ფინანსურად ეხმარება უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.
ცალკე გეგმა შემუშავდა ბიზნესის დასახმარებლად. მთავრობა ბიზნესს განსაკუთრებულ საგადასახადო შეღავათებსა და შეღავათიან კრედიტებს სთავაზობს. ამასთან, ძირითადი აქცენტი ადგილობრივ წარმოებაზე კეთდება.
საქართველო ასევე მიიღებს 3 მილიარდ ლარზე მეტ დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებისგან.
“სპუტნიკ-ჯორჯია”