არმაზ ახვლედიანი – დღეის მდგომარეობით, ძალიან მცირეა საქართველოსთვის შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

ძალიან დიდი მწუხარებით მინდა ვთქვა, რომ დღეის მდგომარეობით, ძალიან მცირეა საქართველოსთვის შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, რომ ვითარების გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება და ამას, მათი პოლიტიკური ნება სჭირდება.

„თვე-თვეს მიჰყვება, წელი ისე დასრულდება, რომ ნაკლები იმედია ამ გადასახედიდან, რომ რამე არსებითად შეიცვლება. გასაგებია, რომ უმთავრესი პასუხისმგებლობა თქვენზეა, თქვენ ხართ ახლა საჭესთან, მაგრამ ნორმალურ ვითარებაში ოპოზიცია თანამმართველია მაინც და შესაბამისად, ის იზიარებს პასუხისმგებლობას. მე და სხვებს გვსურს, რომ პასუხისმგებლობა გავიზიაროთ, მაგრამ არ გაგვაჩნია ბერკეტი, რომ გავლენა მოვახდინოთ ამ პროცესზე. დღეს ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია რადიკალურად შემოაბრუნოს ამ გზაზე სვლა და საქართველოს მოუპოვოს ნანატრი რამ, ევროპაში მყარად ინტეგრირების პერსპექტივა, თქვენ ხელშია. თქვენ კი მართალია კარგად დაბეჭდილ წიგნში, თუ ბროშურაში ჩამოწერილი გაქვთ რა როგორ გაკეთდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება აღმოვაჩენთ, რომ არსებითად ვერც ვერაფერი გაკეთებულა, რადგან ჩვენ მივდივართ არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, ჩვენ მივდივართ არა დემოკრატიული რეფორმებისკენ, არამედ, ვშორდებით დემოკრატიას, იგივე ეხება ადამიანის უფლებებს და სხვა სფეროებს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.