არ მგონია, რომ სააკაშვილის პირობას ვინმე ენდობოდეს და მითუმეტეს, არ მგონია ასეთი პირობის დადებას აპირებდეს – ის არის პოლიტიკოსი და ასე მარტივად, არც ქართული და არც უკრაინული პოლიტიკიდან არ წავა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ “სააკაშვილმა უნდა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია”.
იოსელიანის განცხადებით, თუკი სააკაშვილს საქართველოში საჭირო სერვისი არ აქვს, მან ეს სერვისი საზღვარგარეთ უნდა მიიღოს.
„პრეზიდენტი ცდილობს ითამაშოს მედიატორის როლი და ამ შემთხვევაშიც მისი განცხადება საკმაოდ დაბალანსებული იყო, რატომ არ იწყალებს, ეს მისი დისკრეციული უფლებაა და მისი გადაწყვეტილებაა, ამის განხილვაში ვერ შევალ და არ შევალ, მაგრამ თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს, ასეთი ფორმებით “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ურთიერთობა ამ ქვეყანას ევროკავშირამდე ნამდვილად ვერ მიიყვანს. პირიქით რადიკალიზაცია უფრო გვაშორებს ევროპულ ოჯახს.
თუ სააკაშვილს ესაჭიროება მკურნალობა, რომელსაც საქართველოში ვერ იღებს, უნდა მიეცეს საშუალება, რომ ეს სერვისი მიიღოს საზღვარგარეთ, მის ბრალთან დაკავშირებით ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება და არ ვთვლით, რომ დანაშაული არ მიუძღვის სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ ამას კავშირი არ აქვს მის ჯანმრთელობასთან, თუ მას სჭირდება მომსახურება რის შესაძლებლობაც არ აქვს ქართულ სახელმწიფოს, მაშინ სწორია, რომ ის გავიდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
რაც შეეხება პირობას, არ მგონია, რომ სააკაშვილის პირობას ვინმე ენდობოდეს და მით უმეტეს, არ მგონია ასეთი პირობის დადებას აპირებდეს, ის არის პოლიტიკოსი და ასე მარტივად არც ქართული და არც უკრაინული პოლიტიკიდან არ წავა,”- განაცხადა იოსელიანმა.