ვინმეს სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა პოლარიზაციას თუ რადიკალიზაციას შეამცირებს? პირიქით მოხდება. ის სწორედ იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ რადიკალიზაციის ხარისხი არჩევნების დღეს ერთი-ორად გაეზარდა, – ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება სასამართლოს ყველანაირი ზეწოლისგან იცავს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში დაამკვიდრა და ამკვიდრებს კანონის უზენაესობას, იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ყველა თანაბრად ვაგებთ პასუხს, განურჩევლად თანამდებობისა, კანის ფერისა, სქესისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა. ახლა ჩვენი ხელით უნდა ავიღოთ და ერთი ადამიანის [გამო], რომელსაც რამდენიმე სასჯელი მისჯილი აქვს და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულია, სასამართლოზე ზეწოლა უნდა განვახორციელოთ? ეს ხომ აბსურდია, ამას არ ვიზამთ. ელემენტარულად, ამას ჩვენი მოქალაქეები არ გვაპატიებენ. ჩვენ სასამართლოს ვიცავთ როგორც იმისგან, რომ სახელისუფლებო წრეებისგან არ იყოს ზეწოლა, ისევე სხვა ზეწოლისგან, იქნება ეს გარე თუ შიდა ძალები. და ახლა ჩვენი ხელით დავარღვიოთ ეს პრინციპი? ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ამილახვარმა.