ნიკოლოზ სამხარაძე – სალომე ზურაბიშვილის განცხადება, ერთი-ერთში ჯდება რადიკალური ოპოზიციის ნარატივში

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ჩვენ რუსეთთან უნისონში ვმოქმედებთ, ერთი-ერთში ჯდება რადიკალური ოპოზიციის ნარატივში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა უნდა მოიტანოს მტკიცებულებები და გააკეთოს განმარტებები მის განცხადებასთან დაკავშირებით.

„არ ვაპირებ, პრეზიდენტის განცხადებებზე განმარტებები ვაკეთო, მას თავის გულში ჩახედვა შეუძლია, იმ ხალხმა, ვინც პრეზიდენტად აირჩია, სჯერა თუ არა, რომ რომელიმე მათგანი მხარს დაუჭერს საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ან რუსეთთან უნისონში ყოფნას. სამწუხაროა მისი განცხადებები. ალბათ საჭიროა, მოიტანოს მტკიცებულებები, რადგან პრეზიდენტის მიერ ასეთი განცხადებების გაკეთება არ არის რიგითი მოქალაქის მიერ გაკეთებული განცხადება. მან განმარტებები უნდა გააკეთოს. სამწუხაროა, რომ დაზუსტებებს მას ვერ ეკითხებით, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი გახსნილი უნდა იყოს და მხოლოდ სოციალური ქსელით არ უნდა გველაპარაკებოდეს. მისი განცხადება, რომ ჩვენ რუსეთთან უნისონში ვმოქმედებთ, ერთი-ერთში ჯდება რადიკალური ოპოზიციის ნარატივში“, – განაცხადა სამხარაძემ.