მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ გავრილიცამ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთანაც მთავრობის მეთაურის პოსტზე ყოფნისას მუშაობდა და ისაუბრა თავისი კაბინეტის მიღწევების შესახებ.

„მივდივარ შესრულებული მოვალეობის გრძნობით და მშვიდი გულით. ძვირფასო მოქალაქეებო, მოგიწოდებთ, დარჩეთ სოლიდარულები, რათა მოლდოვა ევროპულ სახელმწიფოდ აქციოთ“, – განაცხადა გავრილიცამ.

პრეზიდენტმა მაია სანდუმ ნატალია გავრილიცა მოლდოვის პრემიერ-მინისტრად 2021 წლის 30 ივნისს დანიშნა.

მაია სანდუმ გავრილიცას შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პრემიერობის კანდიდატს საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.