იმედგაცრუებული ვიყავი ანაკლიის პორტის ჩაგდებით – კინზინგერი

 

ამის შესახებ ილინოისელმა კონგრესმენმა „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა.

„იმედგაცრუებული ვიყავი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლით და მაინც ვიმედოვნებ, რომ მას კარგი მომავალი ექნება და იქ არ განხორციელდება რუსული ინვესტიცია. ეს გეოპოლიტიკის საკითხია და ჩვენ გვესმის საქართველოს მნიშვნელობა“, — თქვა კინზინგერმა.

ამასთან ერთად, მან კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედებებისა და ვლადიმერ პუტინისთვის არახელსაყრელი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბალტიისპირეთში, უკრაინაში ან საქართველოში რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდეს რუსულ პროვოკაციებს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს — „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ ანგარიშს, რომელშიც ექსპრემერ ბიძინა ივანიშვილს „პუტინის მოკავშირე“ უწოდეს და ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საქართველომ შესაძლოა აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს, კინზინგერმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება და განაცხადა, რომ როგორც საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ საკითხებზე არ ისაუბრებს და შიდაპოლიტიკურ თემებზე შეფასება ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.

“ნეტგაზეთი”