პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი – გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ დაემუქრება,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ.
ხაბეიშვილის თქმით, ახლა, როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ასეთი საკითხების განხილვა მორალურად სწორი არაა.
„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სხვა ყოველდღიური საკითხების განხილვა ადამიანურად და მორალურად სწორი არ მგონია. თუმცა, ცხადია ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ დაემუქრება”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.