მეუფე იოანე (გამრეკელი): თუკი ჩვენმა თეორეტიკოს-რესტავრატორებმა საერთაშორისო კომისიებზე უკეთ იციან, რისთვისღა ვიწვევთ უცხოელებს?

საქართველოს ტაძრებისა და კედლის მხატვრობას სჭირდება ქართველი თანამედროვე პრაქტიკოს-რესტავრატორები და პერმანენტული დაკვირვება ისტორიული ძეგლებზე მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) სოციალურ ქსელში წერს, რითაც გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საკითხს ეხმიანება.

“გელათის მონასტერი სარეაბილიტაციოსამუშაოების განახლების მოლოდინში ნებისმიერი დარგის მეცნიერთა შორის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის არის აზრთა სხვაობა განურჩევლად თეორიულ თუ პრაქტიკულ სფეროში. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც პირადი ამბიციების, ან იდეოლოგიური თუ პარტიული ინტერესების გამო აზრთა სხვაობა ტენდენციურობაში გადაიზრდება, რაც ხშირად საზიანო ხდება კვლევის საკითხთან, თუ საგანთან მიმართებაში. გელათის სამონასტრო კომპლექსში ჭარბი ტენიანობით გამოწვეული კედლის მხატვრობის დაზიანება არ არის ახალი აღმოჩენა. XX ს-ში ათეული წლების მანძილზე გელათთან დაკავშირებით არაერთი დისერტაცია არის დაცული, გამოცემულია სამეცნიერო თუ პოპულარული ლიტერატურა, მაგრამ ტენიანობის დესტრუქციული მოქმედების პრობლემა გადაუწყვეტელი დარჩა.

2020 წ. გაზაფხულზე გელათის ყოვლადწიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ მკლავში ახალი მოჭიქული კრამიტით შესრულებულმა სახურავმა წვიმის წყალი გაატარა. ტაძარში დაიწყო კედლის მხატვრობის შეუქცევადი დაზიანება. სასწრაფოდ უნდა დაწყებულიყო გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამწუხაროდ, ქართველი ხელოვნებათმცოდნე რესტავრატორები ამისთვის მზად არ იყვნენ.

ფართო საზოგადოებამ მომხდარი ფაქტი ჟურნალისტებისგან გაიგო. ხელოვნებათმცოდნეების, რესტავრატორებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებების მხრიდან იმ ეტაპზე გელათის საკითხის საჯაროდ განხილვა არ დაწყებულა; საჭირო იყო მიზეზთა კვლევა და რეაბილიტაცია-კონსერვაციის კონცეფციის ჩამოყალიბება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის უწყებამ დროებით, გუმბათის გარდა, თუნუქით გადახურა ტაძრის მკლავები. თუნუქმა დაფარა კრამიტი მორიგი გაჟონვისგან ისე, რომ სახურავზე კვლევითი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი გახდა. კედელში გაჟონილი წყალი აგრძელებდა თავის დესტრუქციულ მოქმედებას.

ასე გავიდა 2020 წელი. 2021 წ. იანვარში ქ. ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე ქ-ნმა თეა წულუკიანმა პირველად გაასაჯაროვა მომხდარი კატასტროფის მიზეზები და დაასახელა ამაზე პასუხისმგებელ პირთა სახელები. კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მან თხოვნით მიმართა იუნესკოს კომპეტენტურ პრაქტიკოს-რესტავრატორთა ჯგუფის შერჩევისთვის, რომელიც შეასრულებდა გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამწუხაროდ, საქართველოში ორ-სამ პრაქტიკოს-რესტავრატორზე მეტი არ აღმოჩნდა და მათაც ხელოვნებათმცოდნე და თეორეტიკოს-რესტავრატორები მაღალი დონის სპეციალისტებად არ მიიჩნევენ.

თეორეტიკოსებმა თავიდანვე დაიწუნეს იუნესკოს მიერ შემოთავაზებული ჯგუფის პროფესიონალიზმის დონე და მხარი დაუჭირეს სხვა ჯგუფს, რომელმაც გელათში გადაუდებელი სამუშაოების წარმოებისგან სხვა პროექტებით დატვირთულობის გამო თავი შეიკავა. 2023 წ. 30 იანვარს გ.ჩუბინაშვილის სახ. კვლევითი ცენტრის თანამშრომლების გელათში ვიზიტი შემოიფარგლა კედლის მხატვრობისა და სახურავის სამხრეთ-დასავლეთი მკლავის საათნახევრიანი დათვალიერებით. მრავალწლიანი ექსპერტიზის და გელათის საკითხთან დაკავშირებით მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის წევრებმა შედეგად მრავალგვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნეს. შესავალში მათ აღნიშნეს: „წინა წლებში არსებული სამეცნიერო მეთოდოლოგიური კომპონენტი (საბჭოები, რეცენზიები და ა. შ.) ამჟამად ყველა ეტაპზე უგულებელყოფილია“, ხოლო სქოლიოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე მიუთითეს, რომელიც ვენეციაში მიღებული იყო 1964წ, ხოლო გრანადაში 1985 წ. ბუნებრივია დაისვას კითხვა: „სამეცნიერო მეთოდოლოგიური კომპონენტის“, „საბჭოების“ და „რეცენზიების“ შედეგად წინა წლებში 2020 წლამდე რა გაკეთდა გელათში? მიეწოდა თუ არა ჩატარებული კვლევების მასალები იუნესკოს რესტავრატორთა ჯგუფს? 2021 წლის ივნისში ამ ჯგუფის გელათთან ოთხდღიანი გაცნობა ვერ შეედრება ორმოცწლიან მეცნიერულ დაკვირვებებსა და კვლევებს. პირადად მე დიდ პატივს ვცემ აწ განსვენებულ მეცნიერთა წინა პლეადას: ბ-ნ გ. ჩუბინაშვილს, რომელმაც შექმნა ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტი, დღეს ცენტრად წოდებული, მის შვილს, ნიკოს, მათ თანამშრომელს, ქ-ნ რენე შმერლინგს, ბ-ნ ვახტანგ ბერიძეს, ბ-ნ ვახტანგ ჯაფარიძეს – ისტორიული მუზეუმისა და დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს და სხვ. მათ მიმართ პატივისცემის გრძობა მაკავშირებს მე დღევანდელ ხელოვნებათმცოდნეებთან: განსვენებულ ბ-ნ მიტო თუმანიშვილთან და მის სამეგობრო წრესთან. სამწუხაროდ, გელათის პრობლემებთან დაკავშირებით ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნისა თუ თეორეტიკოს-რესტავრატორის მხრიდან მიმდინარე სარესატვრაციო სამუშაოების მიმართ ტენდენციური დამოკიდებულება იგრძნობა. 2014-2019 წლების დუმილი, როდესაც ხდებოდა უხარისხო (უცხოელი ექსპერტების მიერ დეფექტურად წოდებული) კრამიტით ტაძრის დახურვა შეცვალა 2021 წლიდან აქტიურმა კრიტიკულმა შეფასებამ და ბოლოს უცხოელი კოლეგების სამუშაო პროცესში ჩარევამ. ოთხი თვეა ოქტომბრიდან თებერვლამდე, რაც სამუშაოები შეჩერებულია.

გელათის მიტოვებული ტაძრის მხატვრობაზე კვლავ გამოვლინდა გაჟონილი წყლის დესტრუქციული მოქმედება. ჩვენი ხელოვნებათმცოდნეები ცდილობენ ესეც იუნესკოს ჯგუფს და სამინისტროს დააბრალონ. 2023 წ. 30 იანვარს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ წარდგენილი ანგარიში იმოწმებს 2021 წ. 16-31 ივლისს გელათთან დაკავშირებით გამართულ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილებებს: „არ არსებობს ძეგლის მართვის კომიტეტი“, როდის არსებობდა? და როდიდან აღარ არსებობს? როცა არსებობდა (თუკი არსებობდა) რა გააკეთა? „არ მოქმედებს მართვის გეგმა, რომელიც უკვე არსებით განახლებას საჭიროებს“. თუ გეგმა არ მოქმედებს რა მიზეზით? თუ მოქმედებდა, როდის შეწყვიტა მოქმედება? რა უნდა განახლდეს? და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის ნოემბრის ბოლოს საპატრიარქოს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო მრჩეველთა კომისიამ გელათში ორდღიანი დაკვირვების შედეგად 1 დეკემბერს საპატრიარქოში მოგვახსენა საკუთარი მოსაზრებები და საბოლოო დასკვნებისა და რეკომენდაციებისთვის ორთვიანი ვადა ითხოვა. 5 დეკემბერს იკომოს-საქართველოს წევრებმა სასწრაფოდ წარმოადგინეს თავიანთი დასკვნა, რომელიც დაასრულეს ფრაზით, რომ მათი ანგარიში არ გამოხატავს საერთაშორისო იკომოსის აზრს. რატომ დაასწრეს მოვლენებს წინასწარ? საზოგადოებრივ აზრს წინასწარ ამზადებენ? გავიდა დაპირებული ორი თვე და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნას კვლავ წინ უსწრებს ამჯერად ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის დასკვნა და მისი ტელევიზიით გასაჯაროება, სადაც კვლავ გაიჟღერა იგივე ფრაზამ. თუკი ჩვენმა ხელოვნებათმცოდნეებმა და თეორეტიკოს-რესტავრატორებმა საერთაშორისო კომისიებზე უკეთ იციან, რისთვისღა ვიწვევთ უცხოელებს? თუ ვენდობით მათ ავტორიტეტს, რატომ ვჩქარობთ? დაველოდოთ მათ ობიექტურ რეკომენდაციებს. ერთ-ერთი რეკომენდაცია ცნობილია და კულტურის დღევანდელი მინისტრი იზიარებს მას: საქართველოს ტაძრებისა და კედლის მხატვრობას სჭირდება ქართველი თანამედროვე პრაქტიკოს-რესტავრატორები და პერმანენტული დაკვირვება ისტორიული ძეგლებზე მიმდინარე პროცესებზე” – წერს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე /გამრეკელი/გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისაქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი