ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უნდა ჰქონდეთ – მათ შორის მამუკა მდინარაძესაც აქვს უფლება, ჰქონდეს პატივისცემის უფლება! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა, ტელეკომპანია “იმედთან“ მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას გააკეთა.
“ნამდვილად არ არის კარგი, როდესაც ასეთი რამ ხდება. მხოლოდ თმენის ვალდებულებაზე არ უნდა ვაპელირებდეთ – ერთმანეთში პატივისცემის დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. არსებობს ნორმები და კარგი იქნება თუ ნორმებს დავიცავთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს ტელეკომპანია “იმედთან” “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ. ისინი მდინარაძის მისამართით სკანდირებდნენ: – “რუსი ხარ“ და მიმართავდნენ, რომ “მოღალატეობრივ“ განცხადებებს აკეთებს, რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხს აგებს.