მე მგონია, რომ ქვეყანაში ზუსტად ასეთი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც მშვიდად მიიღებს ბრალდებებს, ტალახს, ცილისწამებას და გააგრძელებს თავისი საქმის კეთებას, – ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მე, როგორც ქართველების უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრე ვარ და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული კულტურა ევროპული ტიპის კულტურაა. ამასთან ერთად, ჩვენ ახალ რეალობაში ვაბიჯებთ და გლობალურ ძალთა დაპირისპირების პირდაპირ ცენტრში ვართ. უნდა დავინახოთ, რომ დასავლურ სამყაროშიც არიან კარგები და ცუდები. იქაური პოლიტიკოსები, რომლებიც მკვლელს, მანიაკსა და დამნაშავეს გისაღებენ კარგ ადამიანად და ახალ ნელსონ მანდელად. გვეუბნებიან, რომ ის უნდა გათავისუფლდეს, თუმცა ისინი თავისსავე ინსტიტუციებს ეწინააღმდეგებიან: სტრასბურგის სასამართლომ ახლაც განაცხადა, რომ გიგი უგულავას პატიმრობა იყო კანონიერი. ევროპაშიც და ამერიკაშიც არიან ურთიერთგანსხვავებული ძალები. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილზეც. ახლა მოდაშია, რომ თუ ივანიშვილს დაიცავ, ე.ი. ჩამორჩენილი ხარ, აუცილებლად უნდა ლანძღო ის და ხელისუფლება. ამ კაცს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. მან და მისმა ოჯახმა რისკის ქვეშ დააყენეს სიცოცხლე და გაგვათავისუფლეს ნაციონალებისგან“, – განაცხადა ჯანგულაშვილმა.