განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად გამომცემლობებში განუცხადეს. მათი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც სწორედ ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა განიხილეს.
უფრო კონკრეტულად, როგორც “პალიტრა L-ის” დირექტორმა თიკო ასათიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, გამომცემლობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლების გაგრძელება განიხილება.
“ჩვენი აზრით, ბეჭდური წიგნები უნდა შენარჩუნდეს. ერთი მხრივ, ცუდია ბავშვებისთვის კომპიუტერთან მიჯაჭვულობა და მეორე მხრივ, თუ თავიდანვე არ მივაჩვიეთ ბავშვი წიგნთან ურთიერთობას, მერე და მერე სულ „გაჯეტებზე“ იქნება დამოკიდებული. ასევე, გამომცემლობები და ავტორები იყვნენ უკმაყოფილო, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში ანაზღაურება.
იყო საუბარი, რომ რამდენ გვერდსაც გახსნიან და ჩამოტვირთავენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, იმის მიხედვით იქნება ანაზღაურება. აქ საფრთხე ისაა, რომ ერთი pdf ფაილი თუ გავრცელდა, თავიდან არავინ ჩამოტვირთავს და ამის კონტროლი რთული იქნება. ეს პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ უმთავრესი პრობლემა მაინც ის არის, რომ ბავშვები უნდა დავაშოროთ წიგნებს.
იყოს დისტანციური სწავლება თუ სხვა გზა არ იქნება, მაგრამ ბავშვს უნდა ჰქონდეს წიგნში თითის გაყოლების საშუალება. ბავშვმა რვეულში უნდა შეავსოს დავალება და არა კომპიუტერში, კლავიატურაზე. წიგნთან
ურთიერთობა ბავშვს უნდა ჰქონდეს. გაკვეთილები კომპიუტერში და დავალებებიც კომპიუტერში?! ამაშია საქმე,”- აღნიშნა თიკო ასათიანმა.
რაც შეეხება სხვა გამომცემლობებს, “ინტერპრესნიუსი” “დიოგენეს” ხელმძღვანელ თამარ ლებანიძესაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, გამომცემლობა მზადაა სწავლის დაწყებამდე მოსწავლისთვის ონლაინ რესურსის შექმნა მოასწროს.
“რა თქმა უნდა, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ვირუსის გამო. მუშაობა ჯერჯერობით არ დაგვიწყია, სამინისტროსთან ერთად განხილვის რეჟიმში ვართ. პერიოდულად იქნება ონლაინ შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და სკოლის გულშემატკივარი, იმედს ვიტოვებ, რომ სწავლა სრულფასოვნად განახლდება. ჯერჯერობით დეტალურად არ გვისაუბრია სამინისტროსთან, თუმცა, სავარაუდოდ, ყველა კლასისთვის იქნება ონლაინ სახელმძღვანელოები.
ამაზე არანაირი მკაფიო პოზიცია არაა ჩამოყალიბებული, ფასიანი იქნება თუ უფასო. სავარაუდოდ, ხელმისაწვდომობა უფასოდ შენარჩუნდება საჯარო სკოლებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, რამდენადაც ვიცი. ერთი შეხვედრა გვქონდა ონლაინ რეჟიმში, სავარაუდოდ, მეორე შეხვედრა გაიმართება ამ კვირაში.
ერთადერთი რაც ვიცი, მომდევნო შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, ყველა იმ წინადადებას, რაც სამინისტრომ მოამზადა და რა შეთავაზებაც გარედან ჰქონდა, კომპანიების მხრიდან. სიმართლე რომ გითხრათ, წმინდა ინტუიციური თვალსაზრისით და არა ფაქტებიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია შერეული ვერსია იყოს. არსებობდეს ბეჭდური სახელძღვანელო, რომელსაც დაურიგებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს და კერძო სკოლები შეისყიდიან, როგორც ეს აქამდეც იყო და პარალელურად გაგრძელდეს ონლაინ სწავლებაც, რომელიც რასაკვირველია, იქნება უფრო დახვეწილი,” – განაცხადა თამარ ლებანიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პირველკლასელებს, თამარ ლებანიძის თქმით, საზოგადოებაში ბევრი მოდელი განიხილება, მათ შორის, ის, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდეს ყველა კლასის მოსწავლისთვის, გარდა პირველკლასელებისა.
წყარო: mshoblebi.ge