ლევან დავითაშვილი – ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის.

მისივე თქმით, ბაკურიანი სრულად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას აქვს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის სამომავლო, ზოგადად, ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, სამთო და სათხილამურო მიმართულებით, რადგან ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩემპიონატისთვის გაკეთდა, არ არის მხოლოდ მიმდინარე წლისთვის, ან მხოლოდ ამ ჩემპიონატისთვის საჭირო. ეს წლების განმავლობაში მოემსახურება კურორტს და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის. ბაკურიანს ყოველთვის ჰქონდა, სპორტულ დანიშნულება. ისტორიულად ბაკურიანში ფაქტობრივად, ზამთრის ყველა სპორტი იყო წარმოდგენილი. ჩვენ ნელ-ნელა იმავე ინფრასტრუქტურის განახლებას და აღდგენას ვახორციელებთ, მათ შორის, ამჯერად, ჩვენ სამთო-სათხილამურო სპორტის ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით. ჯამში, 270 მლნ ლარი დაიხარჯა, სამი ახალი საბაგირო გზა გაკეთდა და ექვსი ახალი ტრასა მოეწყო. ასევე ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, უპრეცედენტოდ გრძელი, 30 კილომეტრზე მეტი ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული.

დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას გააჩნია. ეს არ არის ჩვენი შეფასება მხოლოდ, ეს არის ობიექტური შეფასება იგივე საერთაშორისო ექსპერტების, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბაკურიანი დღეს მზად არის არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატაროს, არამედ ჩვენ რეგულარული კალენდრის ნაწილი ვიყოთ. 2023 წლის შემდეგ, 2024 წელს და შემდეგ წლებშიც, ჩვენ გვექნება საერთაშორისო მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ზოგადად, ბაკურიანის ცნობადობა გაიზრდება საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენ შევძლებთ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და მეტი დამსვენებელი ჰყავდეს კურორტს. ეს ყველაფერი ემსახურება შემდგომში ადგილობრივ და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა დავითაშვილმა.