“ვანო მერაბიშვილი უკვე დიდი ხანია, ჩართულია იმ ბრძოლაში, რომლის მიზანია უკრაინის დეოკუპაცია, უკრაინის ომში გამარჯვება და პუტინის ხელისუფლების დამარცხება. კარგად გახსოვთ, რომ შემოდგომაზე ჩატარდა დიდი კონგრესი, რომელშიც ვანოც მონაწილეობდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ ჩართვა ჰქონდა ჩვენს მეგობარ მარკ ფეიგანთან ერთად, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის კარგი მეგობარი და ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იცავდა ადამიანთა უფლებებს რუსეთში და ახლაც ყველაფერს აკეთებს, რათა პუტინის რეჟიმი დამარცხდეს. ვანო მერაბიშვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო შს მინისტრი, ასევე პრემიერ-მინისტრი. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მეგობრები ჰყავს საზღვარგარეთ, ევროპაში, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრებიც და მათთან ერთად ჩართულია ბრძოლაში, რომლის მიზანია პუტინის რეჟიმის დამარცხება.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩეული ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც უპრეცედენტო დემოკრატიულო ფორმით აირჩა. თქვენ ვერ დამისახლებეთ ვერცერთ პარტიას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, რომელსაც ასეთი დემოკრატიული წესით ჰყავს არჩეული პარტიის თავმჯდომარე. ვანო მერაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აინტერესებს არანაირი თანამდებობები საქართველოში და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს, როგორც რიგითი წევრი“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
კითხვაზე, რამდენად აქტიურია ვანო მერაბიშვილი, მათ შორის აქციების ორგანიზებაში, რა როლი აქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას მან გამოიყენა სიტყვა „ჩვენ“, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა:
„თქვენ თუ მეკითხებით რუსული სიტყვის განმარტებას, სიტყვა „ჩვენ“ შეგვიძლია, ასეც განვმარტოთ. ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ერთად ვართ. ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა ახლა ჩართულია პარტიის საქმიანობაში, როგორც ყველა ჩვენგანი, რიგითი სტატუსით“, – განაცხადა შაშკინმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, – „ხვალ რომ ნებისმიერი პარტიის წევრმა შეაქოს ლევან ხაბეიშვილი, ეს ნიშნავს, რომ მერაბიშვილი მას ფარულად მართავს?“ – რაზეც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა, ის პარტიას ეხმარებოდა.
„ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ არ ვიყავი ჩართული, ვიყავი. ვანო მერაბიშვილი 2020 წელსაც ჩართული იყო, როგორც რიგითი წევრი, ისევე, როგორც მე ვიყავი ჩართული“, – განაცხადა შაშკინმა.
კითხვას იმის შესახებ, ვანო მერაბიშვილი იქნება თუ არა 20 თებერვლის აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, „როგორც გადაწყვეტს ვანო მერაბიშვილი, ისე იქნება“.
„ყველა ადამიანი თავისუფალია. ყველა პასუხს ვაგებთ ჩვენს ნაბიჯებზე და პასუხისმგებლები ვართ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ვართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრები, წვლილი გვაქვს შეტანილი პარტიის განვითარებაში. ახლა პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე – ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მართავს პარტიას. ამ პარტიას ხმა მისცა გაყალბებულ არჩევნებში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა. მათ შორის, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა დიმიტრი შაშკინს კითხვა დაუსვეს პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აფინანსებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით კეზერაშვილი, რაზეც შაშკინმა უპასუხა:
„ამ ქვეყანას ათი წლის განმავლობაში მართავს „ქართული ოცნება“. მეთანხმებით, რომ „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში? თქვენ ახლა მისვამთ შეკითხვას, თქვენ უშვებთ, რომ ვიღაც არალეგალურად აფინანსებს პარტიას და „ქართულმა ოცნებამ“ ამის შესახებ არაფერი იცის? თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ „ქართულ ოცნებას“. არის ფინანსური პოლიცია, არის სახელმწიფო აუდიტი. თუ გაქვთ ასეთი ინფორმაცია, გთხოვთ, მათ მიაწოდოთ. ისინი ძალიან გახარებული იქნებიან, რომ პრობლემები შეუქმნან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
კითხვას იმის შესახებ, რომ მისივე კოლეგები საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, შაშკინმა აღნიშნა, რომ „სხვა ადამიანების გამონათქვამებზე კომენტარებს არ გააკეთებს“.
„კომენტატორი არ ვარ. მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და ვეხმარები ჩემს პარტიას“, – განაცხადა შაშკინმა.
1 ტვ.გე