გლობალურ ბაზრებზე ფასების კლება საქართველოზე არ აისახება – მიზეზები

მაღალი ფასების გამო, სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები ირღვევა, მაგრამ ამაზე არავინ რეაგირებს. მაღაზიებს  ისეთი საფასო პოლიტიკა აქვთ, რომ კარტელური გარიგებების არსებობაზე ეჭვი არავის ეპარება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხით პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა და ხელისუფლებაც პრობლემას აღიარებს, მეწარმე ბიზნესმენებს და  იმპორტიორებს ერთმანეთის გადაბრალებაში გაჰყავთ დრო. ამასობაში მომხმარებელი ზარალდება.

სპეციალისტთა აზრით, მოსახლეობას ვერავინ დაიცავს და ვერც პრემიერის განცხადებას ექნება ძალა, თუკი მთავრობა ამ საკითხის მოგვარებას კანონმდებლობის დონეზე არ შეეცდება. ფაქტი, რომ ფასები ზღვრულს ბევრად აღემატება ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა.

ქსელურ მარკეტებთან დაკავშირებით პრემიერს დეტალურად არ უსაუბრია და არც მაღალი ფასების მიზეზი განუმარტავს, თუმცა სახელისუფლო წრეში არ მალავენ, რომ  სახეზეა კარტელური გარიგების ნიშნები. ასე ფიქრობს მმართველი პარტიის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  პაატა კვიჟინაძე.

“შესაძლოა რაღაც პროდუქტზე ერთი, ორი ან სამი მომწოდებელი იყოს და აქ შეძლება იყოს ასეთი რაღაცები, შესაძლოა, შეთანხმებები მოხდეს და პრემიერი სწორედ ამას ამბობს, რომ ამგვარი რამ თუ არის სადმე, ეს დავარეგულიროთ. რატომ არის 80%-იანი ფასნამატი ? ეს გულისხმობს, რომ ალბათ რაღაც შეთანხმებაა, თორემ იქ რომ კონკურენცია წავიდეს, თავისთავად ვიღაც 70%-ს დაადებს, ვიღაც კიდევ უფრო ნაკლებს. კონკურენციის მთელი სიკეთე ისაა, რომ არ აძლევს საშუალებას ფასები გაიზარდოს,“ – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ ,,კომერსანტთან”.

საკითხი იმდენად დიდია, რომ ამას მხოლოდ კონკურენციის სააგენტო ვერ აუვა თავის რესურსით და სწორედ ამიტომ დაავალა პრემიერმა მინისტრებს ამ საქმეში უფრო მასშტაბურად ჩართვა.

საცალო სექტორის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ქსელურ მარკეტებზე ფასნამატის მხოლოდ 20-25% მოდის, რასაც მომხმარებელთა უფლების დამცველები არ ეთანხმებიან. მეტიც, კომპანია ,,ეტიკის”  ხელმძღვანელი ამირან შენგელია პირდაპირ აღნიშნავს, რომ სუპერმარკეტების ფასნამატი 25%-დან იწყება და 80%-საც აღწევს, რაც ხელისფლების მხრიდან მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვს.

,,მომხმარებელი ბიზნესმენს ვერ გადაუწყვეტს, რა ფასად გაყიდოს პროდუქცია, ეს მისი იურიდიული უფლებაა. თუმცა გლობალურ ბაზრებზე ფასებს თუ შევადარებთ, საქართველოში პროდუქტების უმეტესობა 25-80%-იანი ფასნამატით იყიდება, რაც წარმოუდგენელია. თევზი რომ ავიღოთ, თუკი ჩვეულებრივ პერიოდში, ვთქვათ, 12 ლარი ღირს, აქციით 9 ლარად იყიდება – 25%-ით ნაკლებად. ამდენით რომ გააიაფა, მოგება ხომ მაინც ნახა! მთელი უბედურება ისაა, რომ მეწარმე არ ფიქრობს მომხმარებელზე.

პრემიერმა თქვა, რომ გაძვირებულია და შემომტანები სცოდავენ, თუმცა მხოლოდ მათი ბრალი არ არის. ჩინეთში ზღვრული ფასებია, ჩვენთანაც იგივე ზომები უნდა გატარდეს. სანამ კანონმდებლობის დონეზე არ დარეგულირდება ეს საკითხი, რაც არ უნდა თქვას პრემიერმა, მის ზეპირ განაცხადს არასდროს ძალა არ ექნება. ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ კარტელური გარიგებებია. კონკურენციის სააგენტომ უნდა შისწავლოს ეს საკითხი და მან დაადასტუროს, რა ხდება რეალურად”, – უთხრა ,,რეზონანსს” ამირან შენგელიამ.

მისივე თქმით, ფასების უსაფუძვლო მატებით მომხმარებელთა უფლებები ირღვევა, მაგრამ სანამ კანონი არ შემუშავდება, ამ ფასის გასასაჩივრებლად მოსახლეობას იურიდიული საფუძველი არ აქვს.

“ვერავინ იჩივლებს მაღალი ფასის გამო, ვერაფერს გახდება, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც  ამ შემთხვევაში მის უფლებას დაიცავს. პურიც კი, რომელიც სოციალურ პროდუქტად მიიჩნევა, სხვადასხვა ფასია მაღაზიებში, ერთი და იგივე მოცულობის, ერთი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი ერთგან თუ 1,20 ლარი ღირს, სხვა ქსელში შეიძლება 1,40 ლარად ნახო, მაგრამ ამაზე არავინ არ არის პასუხისმგებელი. არავინ ფიქრობს მომხმარებლის ინტერესებზე, გადაყრიან პროდუქტს და იაფად მაინც არ გაყიდიან.

მაღალი ფასების გამო. ისეთი მოცემულობაა, რომ არავინ მტყუანი არ არის, მაგრამ ყველა სცოდავს და საქმე ფუჭდება. ასეთ სიტუაციაში სოციალური უკმაყოფილება უნდა იყოს, მაგრამ  სათქმელს ხმამაღლა არავინ ამბობს. პენსიას გაუზრდიან 10 ლარით და უხარიათ, შეღავათს კი ვერც ერთი პენსიონერი ვერ გრძნობს. ჩვენი შემოსავალი ვერ ფარავს ფასებს, წამოსროლილი სიტყვით არ გვარდება პრობლემა, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და კანონი მიიღონ, თუ პრობლემის მოგვარებს ნამდვილად უნდათ”, – დასძინა შენგელიამ ,,რეზონანსთან”.

მაღალ მარჟას არავინ უარყოფს, თუმცა იმპორტიორები მიზეზად სავაჭრო ქსელების მოთხოვნებს ასახელებენ. რითეილერთა ასოციაცია კი ამბობს, რომ მარჟის 70-80% დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებზე მოდის. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის სოფიო ქაშაკაშვილის თქმით, ქსელურ მარკეტებზე ფასნამატის მხოლოდ 20-25% მოდის.

„სრულიად რითეილ სექტორის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ასოციაციაში გაწევრიანებული 12 ქსელური მარკეტი მუშაობს 20-25% მარჟაზე. ამას ადასტურებს კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლოს გამოქვეყნებული პირველადი კვლევის შედეგებიც, სადაც წერია, რომ დისტრიბუტორების და იმპორტიორების მარჟა 70-80%-ია, ხოლო რითეილერების – 20-25%. კიდევ უფრო დაბალია მარჟა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და იმედია, სულ მალე ამაზეც იქნება სააგენტოს კვლევა და შევძლებთ ისევ რიცხვებით საუბარს. შესაბამისად, რითეილ სექტორზე გადმობრალება არამართებულია”, – აღნიშნა მან „ბიზნესპრესნიუსთან”.

რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს, ეკონომისტების თქმით, სახელმწიფო ბევრს ვერაფერს იზამს გარდა იმისა, რომ  ხელი  შეუწყოს კონკურენციას და კარტელი გამოაშკარავოს, თუ ამის ფაქტი რეალურად არსებობს. როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე  აცხადებს, ოლიგოპოლიებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვებია და ყოველი ფაქტი კონკურენციის სააგენტოს მიერ უნდა გამოვლინდეს.

,,ვხედავთ, მთელ მსოფლიოში ფასები იკლებს, ბოლო რამდენიმე თვეა. ტენდენცია გრძელდება, მაგრამ ქართულ ბაზარს არაფერი ეტყობა. ბაზარზე ოლიგოპოლიაა, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხის და უფრო და უფრო აუარესებს  მოსახლეობის კეთილდღეობას, მაღალ ფასებს ხალხი უკვე ვერც უმკლავდება.  გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენცია აქაც უნდა აისახებოდეს, მაგრამ არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების კარტელური გარიგებების შედეგად ყველა ზარალდება – ქვეყანაც და ხალხიც.

უცნაური ტენდენციის მომსწრე ვართ, როცა  იმპორტი იაფდება და შემცირების ნაცვლად, ფასი  მატულობს. ამაზე რეაგირება აუცილებელია, ამისთვის გვყავს მთავრობა, რომ მოსახლეობის ინტერესები დაიცვას. პრობლემა აღიარეს და ახლა ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რაც მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს და მის ყოფას შეამსუბუქებს“, – აღნიშნა ეკონომისტმა ,,რეზონანსთან” საუბრისას.

 

ქეთი გოგოხია,

“რეზონანსი”