ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, დაპირისპირება არ წყდება

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ორშაბათს ღაზას სექტორში ავიადარტყმები განახორციელეს. ამ ქვეყნის არმიაში – “ცაჰალში”  აცხადებენ, რომ ეს დარტყმები შაბათს პალესტინის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტის საპასუხოდ განხორციელდა.

ისრაელის შეტევის შედეგად დაიბომბა მიწისქვეშა კომპლექსი, რომელშიც  რადიკალური ისლამური დაჯგუფება “ჰამასი”, რომელიც აკონტროლებს კიდეც ღაზას სექტორს, რაკეტების წარმოებისთვის მასალას ინახავდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, პირველ ეტაპზე, არ გავრცელებულა.

იმავდროულად, პალესტინის წითელმა ნახევარმთვარემ ინფორმაცია გაავრცელა ერთი პალესტინელის სიკვდილის შესახებ, ისრაელის არმიის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ნაბლუსში განხორციელებული რეიდის შედეგად. ამ ოპერაციის შესახებ ისრაელის არმიას, თავდაპირველად, ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კვირას ისრაელის ჯარისკაცებმა დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებული ოპერაციის დროს 14 წლის პალესტინელი მოკლეს. წლის დასაწყისიდან სულ მცირე, 46 პალესტინელი დაიღუპა, რომლებიც შეიარაღებული მებრძოლებისა და ტერორისტების წინააღმდეგ ისრაელის ჯარის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს ემსხვერპლნენ. მათ გარდა, დაპირისპირებას ცხრა ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი უკრაინელი შეეწირა.