ავთანდილ ენუქიძე – აჭრელებულია „ფეისბუქი“, უკვე შექმნეს ფაშისტური ორგანიზაცია, დააანონსეს ქალაქებში სიარული

აჭრელებულია „ფეისბუქი“, უკვე შექმნეს ფაშისტური ორგანიზაცია, დააანონსეს ქალაქებში სიარული, მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, მივიღებდი ზომებს, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ავთანდილ ენუქიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

„მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იქნას წამოწეული. ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ასეთი დიდი ფორუმი არ ჩატარებულა მსოფლიოში, რომელმაც დაგმო ეს ფაშისტური ორგანიზაციები და მათი არსებობა ყველგან. არ ვიცი, აკვირდებით თუ არა, მაგრამ აჭრელებულია „ფეისბუქი“, ვიღაც გიორგი ჭელიძე, უკვე შექმნეს ფაშისტური ორგანიზაცია. დააანონსეს ამას წინათ, რომ ქალაქებში დავიწყებთ სიარულსო. აკრძალულია ქვეყნებში ეს იდეოლოგია. მეჩვენება, რომ ეს არჩევნების წინ მიჩუმებულია, არც დიდი მეგობარი არ გითითებთ, ამას მიხედეთო, რადგან რომ დასჭირდეს მერე აყირავება ხელისუფლების, ამას გამოიყენებენ. მოგიწოდებთ, რომ ამას მიხედოთ, თორემ არჩევნების დროს შეიძლება, ამანაც გამოყოს თავი. თავის ქალებით და ძვლებით რომ დადიან, აგერ „იუთუბი“ აჭრელებულია. მიიღეთ ზომები, მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, მივიღებდი ზომებს“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა.

თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდული საფრთხეები, განსაკუთრებით, იმ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს, მზარდია.

„ეს კონკრეტული ფაქტი არ ვიცი, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა ჰიბრიდული საფრთხეები, განსაკუთრებით იმ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს, მზარდია და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა იყოს სათანადოდ მხარდაჭერილი, მათ შორის პარლამენტის მხრიდან და ამ მხარდაჭერას ჩვენი პარლამენტი ყოველთვის გამოხატავს უსაფრთხოების სამსახურების მიმართ. დარწმუნებული ვარ, მათი კონტროლის ქვეშ იქნება ასეთი სახის აქტივობები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.