აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ისრაელსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
„ისრაელთან და ებრაელ ხალხთან მეგობრობის, ურთიერთობის და თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. დღეს ასეთივე მყარია ჩვენი თანამშრომლობა ისრაელის საელჩოსთან და ეს შეხვედრაც ამის დასტური იყო. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის, აგრარულ სფეროში. კონკრეტულ პრიორიტეტებსაც დავუთმეთ ყურადღება, როგორიცაა, სოფლის მეურნეობაში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. შევთანხმდით სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებებზე და კონკრეტული აქტივობებიც დავგეგმეთ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.