ისრაელის ახალი, მემარჯვენე-რელიგიური მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე სულ მცირე 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა. ამის შესახებ Times of Israel წერს.
ათობით სხვა აქცია გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებში.
იერუსალიმში გამოსულმა პროტესტანტებმა ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრემიერის იაირ ლაპიდის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის გამოსვლები მოისმინეს.
“ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად”, – ამბობს ლაპიდი. “ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად, რადგან ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასი და წმინდაა.”
მთავრობის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, მნიშვნელოვნად იზღუდება უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება სასამართლო განხილვებისას და კანონმდებლებს უფლებას ექნებათ სასამართლოს გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით გააუქმონ.
აქციების პარალელურად, ქნესეთის კონსტიტუციისა და იუსტიციის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა რეფორმის პირველი ნაწილი, რომელიც მთავრობას მოსამართლეების შერჩევის კომიტეტზე სრულ კონტროლს მისცემს.
ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმას ქვეყნის შიგნით მისი ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აკრიტიკებს. გარდა ამისა, რეფორმის მიმართ კრიტიკული პოზიცია გამოხატეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.