ზახაროვას განცხადება არის მორიგი ზეწოლის მცდელობა საქართველოზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, ქადაგიშვილი რუსეთს შეახსენებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები მას შეუსრულებელი აქვს და დასძენს, რომ თუ ძალის გამოუყენებლობაზეა საუბარი, ასეთი პირობა უნდა იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის.
“ოპოზიციის ლოზუნგები რუსებთან დაკავშირებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე სკდება ხოლმე, ხან ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ოფიციალური განცხადებებიდან და ხან მარია ზახაროვას ამ განცხადებიდანაც. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია – რუსეთს აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები შესასრულებელი. სანამ ამ პირობების შესრულება არ იქნება და ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რა თქმა უნდა, სხვა მისი ეს განცხადებები არის პოლიტიკური შანტაჟის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ, ეს პირობა აღებული გვაქვს საქართველოს, რომ ზოგადად, ძალას არ გამოვიყენებთ და დავამატებ, რომ ძალის გამოუყენებლობა, თუ მაინც და მაინც ასეთი სურვილი არის, უნდა იყოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აცხადებს, რომ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია.