„ლელო” 20 და 24 თებერვალს დაანონსებულ აქციებს არ უერთდება

პარტია „ლელო” 20 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არ უერთდება. ამის შესახებ „ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული ფორმატები პროდუქტიულობით არ გამოირჩევა.

„ლელო” არ უერთდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციებს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გაგვაჩნია და ამ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვემსახურებით. მივიჩნევთ, რომ ახლა საჭიროა სწორი, შინაარსობრივი, პროდუქტიული შრომა. არ მივიჩნევთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“” მიერ ინიცირებული ფორმატები რაიმე პროდუქტიულობით გამოირჩევა”, – განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება 24 თებერვალს დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას, გრიგოლ გეგელია განმარტავს, რომ “ლელო” არც ამ აქციას უერთდება.

„ჩვენ 24 თებერვალს გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი პროუკრაინული დღის წესრიგი, რის თაობაზე საზოგადოება მალე იქნება ინფორმირებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ აქციას, ჩვენ არ ვუერთდებით”, – განაცხადა გეგელიამ.