ზურაბ აზარაშვილი – თბილისს ექნება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური რესპუბლიკური საავადმყოფო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდების მიზნით, უწყებამ რამდენიმე პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლიდან საქართველოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოებში არსებობს სხვადასხვა ტიპის პრობლემა, რომლებიც უნდა გამოსწორდეს.

„მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე რეფორმა დავიწყეთ. უკვე 2025 წლიდან საქართველოში მოქმედი ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებშია ჩართული, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს. თბილისში, ორ კლინიკაში არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემები, სამწუხაროდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის რესპუბლიკური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო. იცით, ჩვენ ახალ ინფექციურ საავადმყოფოს აქტიურად ვარემონტებთ, რაც რამდენიმე თვეში დასრულდება და იქნება როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა ინფექციური. ბავშვთა ინფექციურის გუნდი მთლიანად გადავა ახალ, თანამედროვე სტანდარტების კლინიკაში. ამ ერთი პრობლემის მოგვარება სულ რამდენიმე თვეში დასრულდება.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, თბილისში გვქონდეს იმ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა, რომელი სტანდარტებიც ჩვენ 2025 წლისთვის შემოვიტანეთ. თბილისს ექნება სახელმწიფო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე და დააკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, გამოწვევას, რაც აუცილებელია მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვისთვის. ამ ეტაპზე, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს კონცეფციის დონეზე მუშაობა, რასაც ვფიქრობ, ძალიან მალე წარმოგიდგენთ. ამ კლინიკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დააჩქარა იმანაც, რომ წინა წლის ბოლოს აქტიურად დავიწყეთ საუბარი ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებაზე, რომელიც ქვეყანაში არ გვაქვს. ბავშვთა ონკოლოგიაც იქნება ამ კლინიკის ერთ-ერთი ნაწილი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მალე წარმოგიდგენთ, სად და რა კონცეფციის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გვქონდეს და იქვე იქნება გათვალისწინებული ბავშვთა ონკოლოგიაც. პროექტს რამდენიმე ხანი დასჭირდება, ვფიქრობ, ორი, ორწელიწად-ნახევარი და საბოლოო ჯამში, მივიღებთ მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ კლინიკას, რომელიც აუცილებელია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდეს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.