მინისტრი დავითაშვილი პირობას დებს, რომ იმპორტული საქონლის ფასები შემცირდება

საქართველოში ბოლო დროს ზემაღალი ფასების გამო უკმაყოფილება მოსახლეობაშიც იზრდება და მთავრობაშიც. მსოფლიო ბაზარზე თითქმის ყველა მიმართულებით გაიაფების ტენდენცია თვალში საცემია, პარალელურად მუდმივად მყარდება ეროვნული ვალუტის კურსიც. მიუხედავად ამისა, სავაჭრო ქსელებში ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ცვლილება თითქმის არ შეიმჩნევა, რასაც პრემიერის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

დავალება გაცემულია, ახლა მთავრობაში ამბობენ, რომ თებერვლის ბოლოდან როგორც სამომხმარებლო პროდუქტებზე, ასევე საწვავზეც ფასის შემცირებაა მოსალოდნელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი შედარებით იაფად შემოდის, ეს საცალო ქსელში დიდად არ ასახულა. ქვეყანაში ყველა ის წინაპირობაა, რომ ფასებმა კლება დაიწყოს. ამას პირდაპირ ითხოვენ მთავრობის წევრები. როგორც ჩანს, ისინი ბიზნეს სექტორს უკვე პირდაპირ ეკონტაქტებიან. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების გაიაფების მოლოდინი უკვე არის.

“მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულად იმპორტიორებთან და ასევე საცალო ქსელების წარმომადგენლებთან. საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას მომავალ კვირაში მივაწვდით“,განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ საწვავზე ფასები მკვეთრად შემცირდება, რასთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს შეთანხმება საწვავის მომწოდებლებთან და რეალიზატორებთან.

„პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა კაბინეტის რამდენიმე წევრს, ჩემი ჩათვლით, რათა ვიმუშაოთ ბიზნესთან, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად. ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა არაერთი შეხვედრა, რომლებიც, უბრალოდ, არ გაგვიშუქებია, მაგრამ მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა. შევხვდით საწვავის იმპორტიორებს და საცალო გამყიდველებს. ვფიქრობ, თებერვლის ბოლომდე ძალიან მკაფიო შედეგები გვექნება – მნიშვნელოვნად შემცირდება საწვავის ფასი. ამაზე უკვე არსებობს შეთანხმება საწვავის მომწოდებლებთან და რეალიზატორებთან.

კონკრეტულად გავაანალიზეთ როგორც მიმდინარე ტენდენციები, ისე პროგნოზები და სექტორმა ჩვენი ანალიზი გაიზიარა. შემცირების ტენდენცია დაიწყო და ვფიქრობ, თვის ბოლომდე საწვავის ფასმა დაახლოებით 40 თეთრით უნდა დაიკლოს, “რეგულარის” ტიპის ბენზინზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ბოლო წლები საკმაოდ რთული იყო, როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია, რასაც ემატება საგრძნობლად გაზრდილი ფასები. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ყველა შესაძლებლობის გამოყენება. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის აზრით, გარემო პირობები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფასებმა კლება განაგრძოს.

„სამომხმარებლო პროდუქტების, მათ შორის საწვავისა და მედიკამენტების დიდი ნაწილი არის იმპორტირებული და ეროვნული ვალუტის გამყარება თავისთავად ნიშნავს, რომ მათი ფასი თუ არ შემცირდება, არ უნდა გაიზარდოს მაინც.

ხელისუფლება ხელს უწყობს, იმას, რომ მოხდეს ჯანსაღი კონკურენცია და  ბაზარზე რაც შეიძლება მეტი მოთამაშე შემოვიდეს.  ჯანსაღ კონკურენციას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან ერთი პრინციპი აქვს, რომლის მიხედვითაც მიწოდების მატება იწვევს ფასის შემცირებას.

ბევრი პროდუქცია უკვე იაფდება, მათ შორის ენერგო მატარებლებზე ფასი მცირდება. შარშან  ნავთობპროდუქტებზე, 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გადავიხადეთ მაშინ, როცა ერთი წლის წინ 670 ათასი. გამოდის, რომ თითქმის გაორმაგდა ნავთობპროდუქტებში გადახდილი თანხა შარშანწილდენთან შედარებით. ახლა, როცა ფასი იკლებ, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ბიუჯეტი დაზოგოს.

იგივე შეიძლება ითქვას მედიკამენტებთან მიმართებითაც. პირველ რიგში მძიმე ქორნიკული პაცინეტებისთვის ეს იქნება შეღავათი, როგორც ბიუჯეტის დაზოგვის მხრივ, ისე სოციალური მხარდაჭერის კუთხითაც“, – აღნიშნა სოსო არჩვაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

დადებითი ტენდენციების მიუხედავად, მოსახლეობას შვება ჯერ კიდევ არ უგრძვნია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მხრივ სამუშაო კიდევ ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პოზიტიური მოლოდინი არის, სპეციალისტების აზრი მაინც ორად იყოფა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ეტიკის” ხელმძღვანელი ამირან შენგელია ფასების საგრძნობ კლებას არ ელოდება და თუ ეს პროცესი დადებითი კუთხით წარიმართება, ამას მხოლოდ მიესასალმება.

„ძალიან კარგი იქნება თუ პროდუქტები გაიაფდება, მაგრამ აქამდე რა გაიაფდა, რომ ახლა გაგრძელდეს ეს პროცესი? საქონლის ღირებულებამ რომ დაიკლოს, მრავალი მიზეზია ამისთვის საჭირო, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, თუ ეს პოზიტიური პროცესი იქნება მივესალმები, თუმცა ასეთ ტენდენციას ჯერ ვერ ვამჩნევ.

პრემიერმა თქვა, რომ იმპორტიორები არიან დამნაშავეები, რადგან ზედმეტ ფასს ადებენ საქონელს და ამაში მეც ვეთანხმები, თუმცა გასათვალისწინებელია შემომტანის ინტერესებიც. გადიან საბაჟო პროცედურებს და არის მრავალი ხარჯი. თვითღირებულების შემცირება რთული მომენტია და ეს ასე მარტივად არ ხერხდება“, – აღნიშნა შენგელიამ „რეზონანსთან“  საუბრისას.

პრემიერი კი უკვე 10 დღეში მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება, თუ რატომაა სამომხმარებლო ბაზარზე შენარჩუნებული პიკური ფასები და როდიდან დაიწყებს პროდუქცია გაიაფებას.

 

თიკა სიბოშვილი,

რეზონანსი