მმართველმა ძალამ საარჩევნოდ 30 მაჟორიტარი კანდიდატი უკვე წარადგინა, 29 კაცი და 1 ქალი – ძირითადად ისინი ძველი სახეები არიან. “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ მათი კანდიდატები გამარჯვებას 30-ვე ოლქში მოიპოვებენ. გათვლა, როგორც თავად ლიდერებმა განმარტეს, წონიან ფიგურებზე გააკეთეს. რა ტაქტიკით დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის გუნდს ოპოზიცია – ამ საკითხზე “დღის კურიერის” ეთერში ახალი პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.
“თუ მაჟორიტარად კენჭს ვიყრი, ვიქნები საბურთალოზე. მე არ მიყვარს ის ხალხი, რომლებიც აქეთ-იქით დაწოწიალობენ, ხან ერთი ოლქის მაჟორიტარები არიან, ხან მეორესი,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური კონკურენტი არჩევნებზე, დავით სერგეენკო ეყოლება, რომელსაც ის, ღირსეულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ არ უნდა ვიღაც უღირს ადამიანებთან დაპირისპირება.
“არ მინდა ვიღაც უღირს და წარწყმენდილ ადამიანებთან დაპირისპირება. ვოლსკი ან მამუკა მდინარაძე რომ ყოფილიყო, უსინდისო ვიყო არ დავდგებოდი. არც ჩემს თავს ვაკადრებდი და არც საბურთალოელებს ამას და არც გავისვრიდი მათზე ხელს. სერგეენკო გამორჩეული კაცია, უბრალოდ ის ამაზრზენ პარტიაშია. ძლიერ კონკურენტებთან ბრძოლაა საინტერესო, თორემ ვიღაც ორლარიან მექრთამეებთან დაპირისპირებას რა აზრი აქვს. სერგეენკოზე გული მწყდება, დარწმუნებული ვარ და ღრმად მწამს, რომ მას არ უნდოდა მაჟორიტარად დამდგარიყო, თუმცა აიძულეს. მე თუ დავდგები მაჟორიტარად, მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკოა ჩემი კონკურენტი, მაინც არ დავზოგავ თავს. მის დამარცხებას აქვს ეშხი და გემო, თორემ ირაკლი კობახიძე გინდა მაჟორიტარად დააყენე, გინდ ფეხებით ჩამოკიდე სადმე.
შეკითხვაზე ალეკო ელისაშვილის ახალ პოლიტიკურ პლატფორმაში, არსებულების გარდა სხვა ახალ სახეებსაც ხომ არ იხილავს საზოგადოება, ამაზე მან განაცხადა, რომ პარტიის პრეზენტაციაზე, სწორედ ამის შესახებ იქნება საუბარი.
“რუსთავი2”