მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ ევროპარლამენტართა რიცხვი, ვინც რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიტიკულად შემცირებული აქვს საუბრის ყოველგვარი სივრცე ევროპარლამენტში პარტნიორებთან, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ლილუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„არ არსებობს სივრცე, მათ ელაპარაკოს, აუხსნას, რომ შეეშალა და პასუხისმგებელია იმაზე, რომ სააკაშვილის ჰუმანიტარული საკითხი პოლიტიკურ სივრცეში გადაიყვანა. პარტნიორები ვერ დაარწმუნა, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ არის, იაზრებს მის დაშვებულ შეცდომებს და დაიწყებს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც რეალურად, სტატუსის მონიჭების წინაპირობაა. ეს ვერ მოახერხა. ყველაფერი დანარჩენი, რასაც „ქართული ოცნება“ შიგნით ამბობს – „ომის პარტია“, ჩვენთან ვინმეს ომი უნდა, ადამიანების აღქმებში რაღაცის დალექვაზე მიმართული რიტორიკაა, რომ შიგნით მათი პოლიტიკური პოზიციები გამყარდეს და მოქალაქეების აღქმაში ახალი მტრის ხატი გაძლიერდეს პარტნიორების მიმართ, რათა პასუხისმგებლობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკისრია, პარტნიორებს გადაუნაწილოს. ყველაფერი დანარჩენი ლირიკაა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.