რიში სუნაკი – დროა, უყრაინის მიმართ მხარდაჭერა გავაორმაგოთ

ახლა არის დრო, რომ დასავლეთმა უყრაინის მიმართ მხარდაჭერა გააორმაგოს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ცვლილების ერთადერთი გზა უყრაინის გამარჯვებაა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია უყრაინისთვის, რათა მოიპოვოს გადამწყვეტი უპირატესობა ბრძოლის ველზე ომის მოსაგებად და პოლიტიკური სტრატეგია მშვიდობის მოსაპოვებლად“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი უყრაინის დასახმარებლად სიმტკიცეს არ გამოიჩენდა, მაგრამ შეცდა.

„ახლა არის დრო, რომ გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა. როდესაც პუტინმა დაიწყო ეს ომი, მან ფსონი იმაზე დადო, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მყარი არ იქნებოდა. მაგრამ მაშინ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ის ცდებოდა და ჩვენ ახლაც დავამტკიცებთ, რომ ის ცდება“, – აღნიშნა სუნაკმა.

მისივე თქმით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

„რუსეთი დარღვევას დარღვევაზე სჩადის ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართ და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი. უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენ უნდა მივცეთ მათ ნატო-ს მოწინავე სტანდარტის შესაძლებლობები, რაც მათ სჭირდებათ მომავლისთვის და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით დავრჩებით“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.