შსს-სთან აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

შსს-სთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ერთ-ერთი დაკავებულის ზვიად კუპრავას თქმით, მხოლოდ იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოში დაბარებისთანავე გამოცხადდებიან.

“დაგვიჭირეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გამოვთქვამდით პროტესტს. გამოგვიშვეს პირობით რომ დაბარებისთანავე გამოვცხადდებით სასამართლოში, მართლმსაჯულებას არავინ გაექცევა, თუმცა ჩემი და ჩემი მეგობრების დაკავება უსაფუძვლო იყო. ჩვენ გამოვთქვამდით პროტესტს”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მისივე თქმით, მასთან ერთად გათავისუფლებული არიან ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამი პირი ადმინისტრაციული წესით დღეს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციაზე აქტივისტები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რათა პერფორმანსი მოეწყოთ, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა.

 

“ინტერპრესნიუსი”