ხატია დეკანოიძე – ჩვენ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ

ჩვენ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ხელისუფლების მიმართ ზეწოლა გაიზარდოს.

„ჩემთვის ჩვეულებრივზე მეტი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხს, რომელიც ახლა განიხილება არა მარტო აქციაზე, არამედ ყოველდღიურად. ეს არის ის, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ. ეს გადარჩენა რას გულისხმობს, პირველ რიგში იმას, რომ ადამიანი უნდა გადარჩეს. ჩვენი ცივილიზებული სახე ეს იქნება, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობა, როგორ დასრულდება. სავალალო შედეგი, ჩვენი არჩევანი ქვეყნის იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია ზეწოლა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. ადამიანები მოდიან, იკრიბებიან, ესეც მნიშვნელოვანია და ბრძოლა ყველა ფრონტზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. დღესაც მიხეილ სააკაშვილი ცუდად იყო, არ იყო კარგად, ძალიან დიდი წონა დაკლებული აქვს და ისევე მძიმე მდგომარეობაა, როგორც აქამდე. ამიტომ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას გვესმოდეს რამდენად აუცილებელია ამ ადამიანის გადარჩენა“, – განაცხადა დეკანოიძემ.