ხულოში გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითქმის 145 ათასი ლარი გაქრა. ყალბი საბუთებით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო პროცესი თითქმის დაწყებისთანავე შეაჩერა.
ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოების ჩასატარებლად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “ორბიტამ” გაიმარჯვა. საბიუჯეტო ორგანიზაციამ კომპანიას საქმიანობის დაწყებამდე ავანსის სახით 188 ათასი ლარი ისე ჩაურიცხა, რომ საბანკო გარანტიის ნამდვილობა არ გადაუმოწმებია. ამ დროისთვის ხულოში საგზაო სამუშაოები შეჩერებული და მიტოვებულია, აუდიტის სამსახური კი საქმეში თაღლითობის ნიშნებს ხედავს.
ავანსად მიცემული 188 ათასი ლარიდან კომპანია “ორბიტამ” საგზაო სამუშაოებზე მხოლოდ 43 535 ლარი დახარჯა, დარჩენილი 144 465 ლარი კი უკვალოდ გაქრა. კომპანიამ ვერც საგზაო სამუშაოები შეასრულა და ვერც თანხის დაბრუნება მოახერხა. ყალბი აღმოჩნდა “ორბიტას” მიერ მიერ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ავანსის მისაღებად “ბაზის ბანკიდან” წარდგენილი საგარანტიო ცნობაც. საბუთის სიყალბეს საგზაო დეპარტამენტშიც ადასტურებენ, თუმცა პასუხი არ აქვთ შეკითხვაზე – რატომ გაიცა 188 ათასი ლარის ავანსი კომპანიაზე დოკუმენტაციის გადამოწმების გარეშე.
კომპანია, რომელმაც საგზაო დეპარტამენტის მტკიცებით ყალბი საბუთები წარადგინა და ავანსად გაცემული თანხა მიითვისა. ოფიციალურად თბილისში, ვარკეთილშია რეგისტრირებული. გამქრალ თანხებთან დაკავშირებით შეკითხვების დასასმელად “კურიერი” კომპანია “ორბიტას”ოფიციალურ მისამართზე მივიდა, თუმცა ადგილზე ოფისის ნაცვლად გაქირავებული ბინა დახვდა. კომპანიის წარმომადგენლები არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ.
ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს გზის მშენებლობა ოფიციალურად 2018 წლის მაისში შეჩერდა. ხულოს მოსახლეობის ნაწილი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროების მიუხედავად უკვე მეორე წელია პროექტს არავინ აგრძელებს.
ხულოს სოფლებში საგზაო რებილიტაციის ჩავარდნილ საქმეზე მოკვლევა საგამოძიებო უწყებამ უკვე დაიწყო. რატომ არ გადაამოწმა აჭარის საგზაო დეპარტამენტმა ავანსად გასაცემი თანხის დოკუმენტაცია, სად და როგორ გაქრა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები – ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა სახელმწიფო თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელ პირებს მოუწევთ.