ირაკლი კობახიძე – გზაში ვკითხულობდი კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და სრული კატასტროფაა

ამერიკული და რუსული კანონები კატასტროფაა, რომლებიც ადამიანის უფლებების სტანდარტებთან მთლიანად შეუსაბამოა – „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ადამიანის უფლებებთან მთლიანად შესაბამისობაშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “უცხოური გავლენის” თაობაზე კანონის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული კანონი ამერიკული კანონის ანალოგია.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტი ასეთი კანონის მიღებას „ვერ იკადრებდა“ და ამიტომ შემუშავებულია ქართული კანონპროექტი.

„გზაში ვკითხულობდი კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებათა სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს – რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ამერიკული კანონის მსგავსი ყოფილა. ანუ, პირდაპირ შეგიძლია მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი. რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული „ხალხის ძალის“ მიერ, ის არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონისგან და ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი კანონი, ლაკონური. ერთადერთი, რასაც ის ითვალისწინებს, არის ის, რომ სუბიექტები, რომლებიც 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას იღებენ, წლიურ დეკლარაციებს წარადგენენ. რადიკალურად განსხვავდება როგორც ამერიკული ისე, რუსული კანონებისგან, რომელიც არის მთლიანად შეუსაბამო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. არის კატასტროფული კანონები პირდაპირ შემიძლია გითხრათ ერთიც და მეორეც. შესაბამისად, შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკულია არც რუსული. ეს არის ქართული, რომელიც პრინციპების დონეზე ამერიკულ კანონს ეფუძნება, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება სწორედ იმით, რომ ეს კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ეს არის რეალობა. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია,“ – განაცხადა კობახიძემ.