ირაკლი ბერაია: საქართველო შავი ზღვის საკვანძო ქვეყანაა და შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე

2 დღის განმავლობაში შეხვედრები გვექნება ნატო-საქართველოს საპარლამენტო საბჭოს ფორმატში. პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. შევხვდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირებს, ნატოში წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედ წარმომადგენლებს, კოლეგა პარლამენტარებს, – ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ „ქრონიკას“ ბრიუსელში განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იქნება რეგიონული უსაფრთხოება, ომი უყრაინაში, ომის გავლენა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებაზე.

„ვიმსჯელებთ საქართველოს პროგრესზე და ჩვენი ქვეყნის ნატოში გასაწევრიანებლად გადაწყვეტილების დაჩქარებაზე. საქართველო შავი ზღვის საკვანძო ქვეყანაა და შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოა გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის. ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შედის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად, ევროატლანტიკური სივრცის ინტერესებში.

საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა როგორც საერთაშორისო სამართლის პასუხისმგებლიანმა ქვეყანამ, რომ აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობა და გამოცდილებაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნატოს სივრცის უსაფრთხოებაში. მომატებული საფრთხეების ფონზე, ნატოს წევრი საქართველო მოიტანს უფრო მეტ სარგებელს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.