სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 1 წელი გავიდა – უკრაინელი ერი ვერ შედგა

უკრაინა, როგორც ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო, არასოდეს არსებობდა – ეს არის ფაქტი და არა პუტინის ან ვინმეს მონაგონი. არ არსებობდა ასევე ერთიანი უკრაინელი ერი, ნაცია. ისტორიის გარკვეულ ეტაპზე წარმოიშვა უკრაინელი ხალხი, რომელიც არ იყო ერთ ნაციად შეკრული.

უკრაინელი ხალხის წარმოშობას, რუსეთის იმპერიის ფარგლებში, უკრაინული ნაციონალიზმის წარმოშობაც მოჰყვა – ისევე, როგორც იმპერიის სხვა ხალხებში ჰპოვა განვითარება ამ ევროპულმა მოვლენამ. მაგრამ, გავიმეორებ, რომ ამას არ მოჰყოლია ერთიანი უკრაინელი ერის შექმნა. ნაციონალიზმის გაჩენა ამა თუ იმ ხალხში აუცილებლად ნაციის წარმოქმის წარმატებულ დასრულებასაც არ ნიშნავს. სწორედ ამ მოვლენას ჰქონდა ადგილი უკრაინის შემთხვევაშიც – უკრაინული ნაციის ჩამოყალიბება არ დასრულდა და ვერ შედგა.

როდესაც დღევანდელი უკრაინის ნაციონალისტები იჩემებენ კიევის რუსეთის ისტორიას, მათ სკლეროზულად ავიწყდებათ, რომ არსებობდა კიევის რუსეთი და არა „კიევის უკრაინა“. მათ რომ ამდენი ხნის მანძილზე ემტკიცებინათ, რომ ისინი არიან არა უკრაინელები, არამედ კიეველი რუსები და მათ ისტორიულად უფრო ღრმა ფესვები აქვთ, ვიდრე ბევრად უფრო გვიანდელი მოსკოვის სამთავროდან აღმოცენებულ რუსებს, უფრო ლოგიკური და სამართლიანი იქნებოდა. უკრაინას კი, რომელიც „ოკრაინას“ ანუ „განაპირას“ ნიშნავს (ბუნებრივია, ამ ტოპონიმში ისტორიულად რუსეთის განაპირა ტერიტორია მოიაზრებოდა), ვერანაირი პრეტენზია ვერ ექნება რუსეთის ისტორიაზე, ამ ისტორიაში დომინანტურ მდგომარეობაზე.

ამიტომ, უკრაინელი ნაციონალისტების პასუხი ახალ, პოსტსაბჭოთა ვითარებაში იყო უკრაინისგან „ანტირუსეთის“ შექმნა. „ანტირუსეთი“ ყველაზე უფრო ზუსტად ამსახველი ტერმინია იმისა, რასაც წარმოადგენს პოსტსაბჭოთა უკრაინა და ეს, რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა, საკმარისად დაასაბუთა. უკრაინელ ნაციონალისტებს „ანტირუსეთის“ პროექტში ბუნებრივ მოკავშირედ ამერიკული გეოპოლიტიკა მოევლინათ. დღეს არა ჰიტლერი, არამედ ოფიციალური ვაშინგტონი იყენებს უკრაინულ ნაციონალიზმს რუსეთის საწინააღმდეგოდ, რუსეთის დესტაბილიზაციისა და, საბოლოო ჯამში, მისი დემონტაჟის მიზნით.

ამერიკული „ნეიშენ ბილდინგ“ ანუ „ერების შექმნა“ უკრაინის მაგალითზე სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მაგრამ, რამდენად წარმატებით ვითარდება პროექტი?

2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულმა რუსულმა სამხედრო სპეცოპერაციამ თითქოს ხელი შეუწყო უკრაინელი ერის ჩამოყალიბებას ან, თუ ასეთი ერი უკვე არსებობდა, ხელი შეუწყო მის საბოლოო ჩამოყალიბებას. ომი არის სწორედ ის მოვლენა, რომელიც აერთიანებს ხალხს, ლიდერებს და მასებს, სხვადასხვა სოციალურ ფენებს, განამტკიცებს მათ ერთ ერად. სპეცოპერაციის მსვლელობა, როდესაც არ მოხერხდა კიევის გათავისუფლება და მოფაშისტო რეჟიმის განდევნა, თითქოს ამის დასტურია – უკრაინელი ერი შეიქმნა.

მაგრამ, ეს მხოლოდ ილუზიაა. სპეცოპერაციის წარმატების შენელება და უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის სწრაფად სისრულეში მოყვანის შეუძლებლობა სხვა ფაქტორებით არის განპირობებული. აქ არ შევეხებით ტექნიკურ მხარეს – რამდენად ხარისხიანად დაიგეგმა სპეცოპერაცია, რამდენად სწორ გათვლებს ეყრდნობოდნენ რუსი სამხედროები და მისთ. შევეხებით უკრაინულ მხარეს არსებულ ვითარებას.

ეს ვითარება კი ასეთია: უკრაინაში მოქმედმა და გარე ძალების მიერ (აშშ-ევროპა) მხარდაჭერილმა ძლიერმა ფაშისტურმა ბირთვმა თავის ხელში აიღო მთელი ძალაუფლება. ოპოზიცია კანონგარეშე გამოცხადდა, აიკრძალა ის პარტიები და საპარლამენტო ფრაქციები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ფაშისტების გენერალურ ხაზს. დღევანდელი უკრაინის ოპოზიცია იდეოლოგიურად ისევე ფაშისტურია, როგორც ხელისუფლება. ანტიფაშისტები გარეკეს, ბევრი დააპატიმრეს კიდეც. ერთი სიტყვით, დამყარდა ფაშისტური რეჟიმი. ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინა ფაშისტური ვერ იქნება, რადგან მისი პრეზიდენტი ზელენსკი და კიდევ არაერთი წამყვანი პოლიტიკოსი ებრაული წარმოშობის არიან, მან ისტორია არ იცის. ანტისემიტიზმი ახასიათებდა მხოლოდ გერმანულ ნაციზმს, ხოლო იტალიური ან ესპანური ფაშისტური რეჟიმები გაცილებით უფრო ლოიალურად იყვნენ განწყობილნი ებრაელების მიმართ. ამიტომ, ფაშიზმი არის უნივერსალური მოვლენა (თუმცა შექმნილი და აღმოცენებული ევროპაში, ევროპული ნაციონალისტური იდეოლოგიების მუტაციის შედეგად) და მას შეუძლია სხვადასხვა ფორმის მიღება. ასეთი უცნაური ფორმა მიიღო უკრაინულმა ფაშიზმმა.

ფაშიზმის ძალის არშეფასება არ შეიძლება. ფაშიზმი ისტორიულად არის უკიდურესად რეპრესიული და ფანატიკური იდეოლოგია და ფორმაცია. სწორედ რეპრესიული მეთოდებით მოხდა უკრაინის წინააღმდეგობის მობილიზება რუსეთის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ. უკრაინის არმია პირველ ეტაპზე რაოდენობით ბევრად აღემატებოდა სპეცოპერაციაში ჩართულ რუსულ ძალებს არა იმიტომ, რომ ბევრი მოხალისე წავიდა ჯარში, არამედ იმიტომ, რომ ბევრი მირეკეს იძულებით და საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს. რეპრესიები და დიდძალი დაფინანსება, დიდძალი შეიარაღებების მოწოდება კიევისთვის. აი ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დღემდე სწევენ წინააღმდეგობას და მათ რამდენიმე წარმატებაც კი იზეიმეს. ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის არმიამ დაიკავა დროებით ან ახლაც დაკავებული აქვს და მის დათმობას არ აპირებს, არ გამოირჩევა ანტირუსული განწყობებით. რუსებს არ გაეწიათ სახალხო წინააღმდეგობა, არ ყოფილა არც ერთი აჯანყება. ასე მაგალითად, მოსახლეობის მიხედვით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქები – მარიუპოლი და ხერსონი, რომლებიც რუსებმა დაიკავეს (პირველი სამუდამოდ, მეორე დროებით, თუმცა ხერსონის დაბრუნებაც რუსეთისთვის არ არის შორეული მომავლის საქმე), სავსებით ლოიალურნი იყვნენ რუსეთის ჯარის მიმართ. მარიუპოლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა (მარიუპოლი დონბასის რეგიონს ეკუთვნის), რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის რეფერენდუმში მონაწილეობდა და ხმას რუსეთთან შეერთებას აძლევდა, არც 2022 წელს შეიცვალა აზრი და რუსებს დახვდა, როგორც განმათავისუფლებლებს. ყოველ შემთხვევაში, მარიუპოლს თითქმის არც ერთი მარიუპოლელი არ იცავდა რუსებისგან, არამედ ქალაქში გამაგრებული იყო ყველაზე უფრო ფაშისტური და ბრძოლისუნარიანი უკრაინული პოლკი „აზოვი“, რომელიც ძირითადად, ცენტრალური და დასავლეთ უკრაინის რეგიონების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

მარიუპოლიდან დიდი მანძილით მოშორებულ ხერსონში, რომელიც დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, რუსებით აღფრთოვანება ნაკლები იყო, მაგრამ არც არავის უდარდია უკრაინის მიერ ამ ქალაქზე კონტროლის დაკარგვის გამო, როდესაც იქ რუსული არმია სწრაფადვე შეიჭრა. ხალხი ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია იმისთვის, თუ რომელი დროშა იფრიალებდა მათი ქალაქის ცენტრში. მოვიდნენ რუსები? – კარგი. მოვიდნენ უკრაინელები? – ასევე, კეთილი და პატიოსანი. ამ ხალხისთვის სულ ერთია, ვის შემადგენლობაში იქნებიან, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ყოფითი პირობები. მათ, ვინც მიიჩნია, რომ უკრაინაში უკეთ იცხოვრებს, უკრაინის სხვა რეგიონებში გადაინაცვლეს, ბევრი კი პირიქით, რუსეთისკენ წამოვიდა, გადმოსახლდა.

ცალკეული დივერსანტები, რომელთა „იაჩეიკები“ უკრაინულ სპეცსამსახურებს ჰყავდათ დატოვებული ხერსონის თუ ზაპაროჟიეს ოლქების ზურგში, დაქირავებული დივერსანტები არიან და არა იდეური ადგილობრივები, რომლებიც არარსებულ „უკრაინელ ერს“ წარმოადგენენ. მათ დასავლური პრესა ხანდახან „პარტიზანებს“ უწოდებს, თუმცა ამ ვითომ-პარტიზანებმა ამინდი ვერ შექმნეს და მათი შედარება 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის საბჭოთა პარტიზანებთან (უკრაინელებს ჰყავდათ სახელოვანი პარტიზანები, მარტო საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, სტალინელი სიდორ კოვპაკის სახელი რად ღირს!), რომლებიც გერმანელების ზურგს აზანზარებდნენ, დიდი მკრეხელობა იქნებოდა.

როდესაც დონბასიდან მოსკოვში დავბრუნდი და კიევის ფაშისტური რეჟიმის უკრაინელ მოწინააღმდეგეს, ცნობილ ბლოგერ იური პოდოლიაკას, შევხვდი, მან მითხრა, რომ უკრაინელი ხალხი თუ ეთნოსი შედგება რამდენიმე შემადგენლისაგან – სლავები ანუ ვოლინელები, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთში და ჩრდილო-აღმოსავლეთში სახლობენ, კაზაკები – დნეპრის ქვემო წელზე, სამხრეთში, ხოლო დასავლეთში – გალიციელები… ყველა ეს შემადგენელი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან ბევრი პარამეტრით და მათი ერთ ერად შეკვრა არც ისე იოლია. იმავე პოდოლიაკამ მითხრა, რომ ის უკრაინული ენა, რომელიც დღესდღეობით ინერგება, საერთოდ არ ჰგავს იმ უკრაინულს, რომელიც მან, როგორც უკრაინელმა, ბავშვობაში აითვისა. თანამედროვე უკრაინული არის უცხო სიტყვებით გაჯერებული ხელოვნური ფსევდოსალიტერატურო ენა, რომელიც უკრაინაში არავის სჭირდება, „ანტირუსეთის“ პროექტის მესვეურების გარდა.

ასე რომ, უკრაინა ჯერ კიდევ შორს არის იმისგან, რომ მას უკრაინელი ერი ედოს საფუძვლად. უკრაინელები რომ ერს წარმოადგენდნენ, ისინი ისეთ გაუგებრობას, როგორც ზელენსკია – ერთი უბადრუკი, იაფფასიანი იუმორის მფრქვევი მსახიობი თუ კლოუნი, პრეზიდენტად არ აირჩევდნენ. ზელენსკი აირჩიეს უკრაინული სახელმწიფოს პაროდიად. აირჩიეს იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოსი სერიოზულად ხალხის უმეტესობას არ სჯერა. ზელენსკისნაირ კლოუნს ერი არ აირჩევდა.

„ჩაურთავ რუსულ ტელევიზიას – ისინი რუსები ხდებიან, დაუტოვებ უკრაინულს – უკრაინელები იქნებიან“ – აღნიშნა იური პოდოლიაკამ ჩემთან საუბარში, რაც ძალიან ახლოსაა რეალობასთან. სწორედ ამიტომ ვამტკიცებ, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის თავზეც კი, ამერიკელების და მათი სატელიტების დიდი მცდელობების მიუხედავად, უკრაინელი ერი ვერ შედგა.

 

გულბაათ რცხილაძე