ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთიდან ჩასულ ადამიანებს კვლავ 10-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მიზეზი ესპანეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა.
ამასთან, ნორვეგია შეამსუბუქებს შეზღუდვებს იმ ადამიანებისთვის, ვინც ქვეყანაში შვედეთიდან შევა.
ევროკავშირისა და შენგენის ზონის მაცხოვრებლებითვის, სადაც, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყოველ 100 ათას ადამიანზე, კოვიდინფიცირების 20-ზე ნაკლები შემთხვევა მოდიოდა, ნორვეგიამ თვითიზოლაციის ვალდებულება მოხსნა.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) ბოლო მონაცემებით, ესპანეთში 100 ათას ადამიანზე ინფიცირების მაჩვენებელი 30.9-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
წყარო: Imedinews.ge