კასიანოვის განცხადება შეურაცხმყოფელია, ეს არის გამიზნული პროვოკაცია. საქართველო ტაშს მაშინ დაიმსახურებს, თუ ჩვენ გადავალთ ისეთ ქმედებებზე, რომელსაც პირდაპირი შეტაკება მოჰყვება რუსეთთან. თუ მეორე ფრონტს გავხსნით, მაშინ გვეტყვიან მადლობას. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ მეორე ფრონტი დაუშვებელია, და გვეკითხებიან – ვინმეს უნდა ეს? – აი, ეს პროვოკაციული განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ უნდათ, მაგრამ ეს არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ის, რაც ხდება უკრაინაში – ნუ გგონიათ, რომ ეს უმძიმესი სურათი არ შეიძლება განმეორდეს საქართველოში. დღეს ვაჟკაცობაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ინარჩუნებს მშვიდობას ამ ქვეყანაში და მყარ პოზიციონირებას და სოლიდარობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. ეს არის რეალობა, მაგრამ ეს რეალობა არ მოსწონთ. საქართველო არ გახდება მორიგი შანტაჟის მსხვერპლი, არანაირი გზაჯვარედინი ჩვენს ქვეყანას არ უდგას წინ, საქართველო მყარად დგას თავის არჩევანზე. დღეს ერთ-ერთი ელჩის განცხადება იყო, რომ საქართველო გზაჯვარედინზე დგას და გადაწყვეტილება უნდა მიიღოსო. ჩვენ გადაწყვეტილება 40 წლის წინ მივიღეთ, როდესაც, იმ ქვეყანაში როცა სოლიდარობის მოძრაობა იყო, აქ პროკლამაციებს ვავრცელებდით მათ მხარდასაჭერად. თვითონ მიიღონ მყარი გადაწყვეტილება და ნუ იქნებიან ისეთი ნახევარ-გადაწყვეტილებების მომხრე, როგორც სტატუსის მინიჭება-არ მინიჭებასთან დაკავშირებით იყო. პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ უნდა დასრულდეს“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ანტიუკრაინული რიტორიკით. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.