ყველა უწყება და თანამდებობის პირი ჩვენ-ჩვენს ფუნქციებში რომ ვმუშაობდეთ, ძალიან კარგი იქნებოდა. საქართველოს პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, არ განაგებს და არ წყვეტს არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკას და კარგი იქნება, რომ თავის ფუნქციებში შემოიფარგლოს, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებას.
„ქრონიკაში“ ჩართვისას მაჭარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა „ისეთი განცხადება მაინც გააკეთოს, რომ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედოს.
„ეს არის ამოცანა, მაგრამ როგორც ჩანს, სამწუხროდ, საქართველოს პრეზიდენტიც აღმოჩნდება-ხოლმე იმ ნარატივში, რასაც ჰქვია საქართველოს საწინააღმდეგო გეგმის შესრულება, რომელსაც გლობალური და ლოკალური ომის პარტია აპირებს. მართალია, ეს გეგმა შეჩერდა „ხალხის ძალისა“ და საქართველოს ხელისუფლების სწორი პოლიტიკის, ხალხის ინფორმირების შედეგად შეჩერდა, თუმცა არ გამქრალა. იგი სახეზეა. თუნდაც კასიანოვის დღევანდელი განცხადება და ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, მოქმედებები ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების და ასე შემდეგ. მეორე ფრონტის გეგმა საქართველოში ჯერჯერობით არსებობს და როდესაც ამბობენ, სად არის ომის პროპაგანდა, ან ვის უნდა ომი და ასე შემდეგ, ეს მტკიცებულებები სახეზეა. ჩვენ მტკიცებულებების მოძიებაც კი არ გვჭირდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: „არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია“.