“ქოცები” და იდეალები

“ქართული ოცნების” მაჟორიტარული კანდიდატების სიის დასახელება 8-წლიანი „ქოცური“ პოლიტიკის კლასიკურ მონაპოვრად შეიძლება, დასახელდეს.

ერთ დროს „მიშა მაგარია“-ს ძახილში ქანცგაწყვეტილები, ირაკლი კობახიძემ ქართული დემოკრატიის „მამებად“ დაასახელა და „ოცნების“ კანდიდატების რანგში გადაპორტირებულებს წარმატება უსურვა.

ისე საინტერესოა რა აზრზე უნდა იყოს ოცნების მადლიერი „გამპრავებელი“… ჩინებული არჩევანი, შესანიშნავი ოჯახის შვილი, სამი თაობის თბილისელი და რა არ მოიფიქრეს … ნამუსს უკარგავენ ქართულ პოლიტიკას და მედროვეებს თავს ახვევენ. უცაბედად გამახსენდა „რაიხსფიურერ“ ჰიმლერის სიტყვები საბჭოთა გენერალ ვლასოვზე: რუსი გენერალი, მართალია რაიხის ინტერესებს იცავს, მაგრამ საომარ მოქმედებებში მისი ჩართვა დანაშაულია. დავუდგათ წინ შნაპსი და მივართვათ ხორცეული, აი ესაა სწორი გზა!“

წინ კიდევ არანაკლები საცირკო წარმოდგენა გველოდება. პროპორციულ სიაში შესვლა და თან მმართველი პარტიის მხრიდან საოცნებოდ აქვს ბევრს ახდენილი. რატომღაც ინგა გრიგოლიას ეთერში გამოზრდილმა ექსპერტებმა მარნეულში ბოლშევიკი ნარიმანოვის ძეგლის აღმშენებლობა და ისიც ზაურ დარგალის მხრიდან, საჯაროდ ვერ ან არ დაგმეს. სამაგიეროდ, დაუღალავად გმობენ სტალინის ბიუსტების აღდგენას საქართველოს სხვადასხვა სოფელში.

ეტყობა, საქართველოში სიჩუმე და ისიც, ვაზელინგადასხმული, უფრო კარგად ფასდება და ყოველივე სექტემბერში გაცხადდება. ხშირად მებადება კითხვა, რისთვის ვიდექით 1988 წლის ნოემბრიდან რუსთაველზე? იმისთვის, რომ კობახიძეს და უპრინციპო ხალხს ეგდო ძალაუფლება ხელში? ამ ექსპერტებს ისიც ავიწყდებათ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მინიმალური ხელფასი არაა განსაზღვრული, სამაგიეროდ, ნატოს და ევროკავშირს მისტირიან. მართლა იმ  ყველა ექსპერტის ტყავია დასახევი ნორმალურ სახელმწიფოში, ვინც სოციალური პრობლემებით არ ინტერესდება და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე კრინტს არ ძრავს!

კობახიძემ და მისმა ამფსონებმა ისეთ ჭაობში შეიყვანეს „გამპრავებელი“, რომ თავს თავზე იპოხავენ, აქაოდა, ლუკმა არ დავკარგოთო… ნუთუ ბატონებო სახელმწიფოებრიობაზე მეტი ღირს თქვენი 1 500 ლარი ან თუნდაც მომავალი სადეპუტატო მანდატი? მაჟორიტარობის კანდიდატებიდან უმეტესობას ნამუსი რომ არ აქვს, ფაქტია, მაგრამ მათ წარმდგენს ორჯერ მეტად არ ჰქონია ულვაში, ხოლო კანდიდატთა ფანკლუბს ხომ საერთოდ…

რას ვასწავლით მომავალ თაობას – იმას ხომ არა, თუ როგორ გავყიდოთ საკუთარი იდეალები? ჰოდა, ბატონო ჩემო, სადაც იდეალს გაყიდით, იქ სამშობლოსაც მიაყიდით ორ გროშზე!

 

     ბექა კვიციანი