არ მგონია, სიცხადის, გამჭვირვალობის შემოტანა იწვევდეს ამდაგვარი კამპანიის და აჟიოტაჟის ატეხის საფუძველს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების მოწინააღმდეგეებზე საუბრისას განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომედგინა, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ადამიანებს გაუჩნდებოდათ [პროტესტის] საფუძველი. დარწმუნებული ვარ, გამპროტესტებელთა უმეტესობას, ნანახიც არ აქვთ, რაზეა საუბარი. მეტიც, უბრალოდ აპროტესტებენ ყველას და ყველაფერს, რაც მათ ინტერესებში არ შედის. მაგრამ აქ მთავარი ის არ არის, ვის ინტერესში რა არის. აქ მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესი“ – განაცხადა ღუდუშაურმა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.