„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარემოცვა მიხეილ სააკაშვილს მძევლად აქცევს და მის ფაქტორს პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებს.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა სწორედ მისივე გარემოცვის დამსახურებაა.
დეპუტატის განცხადებით, სამედიცინო სექტორი „მობილიზებულია, რომ სააკაშვილი იყოს კარგად, მთელი მისი გარემოცვა და ოჯახი მობილიზებულია, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად“.
„როგორც ჯანდაცვის სისტემა, ასევე ნებისმიერი სხვა მის გარშემო, თუნდაც მისი ოპონენტები, მათ შორის, ციხის ადმინისტრაცია, მობილიზებულები არიან იმისათვის, რომ სააკაშვილი იყოს კარგად, მთელი მისი გარემოცვა და მისი ოჯახი მობილიზებულია, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საქართველოში არც ერთი პატიმარი არ უნდა იყოს შეპყრობილი იმ აზრით, რომ თვითდაზიანების მიყენების გამო, სასჯელისაგან გათავისუფლებდა.
„ვერავინ ვერანაირად უარყოფს, რომ სააკაშვილის გარემოცვა გარკვეულწილად თუ არა, პირველ რიგში, დამნაშავეა იმაში, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი პირდაპირ მძევლად აქცევენ სააკაშვილს და მის ფაქტორს იყენებენ პოლიტიკურ ბრძოლაში. არავინ არ გამოჩნდა ისეთი, მათ შორის, გარემოცვიდან, ოჯახიდან, ვინც მოუწოდებს მას, რომ სწორედაც მიყვეს იმ დანიშნულებას, რაც მას აქვს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი აღნიშნავს, ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია შეცდება დაადასტუროს, რომ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე არანაკლები ნგრევის უნარი გააჩნია.
„ხვალისთვის ჩვენი ქვეყანა გვინდა ისეთი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს, თავისი თავი წარმოადგინოს, როგორც ქვეყნის პატრიოტმა, მაგრამ არც მელიას, არც ხაბეიშვილს, არც რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს არ უთქვამს, რა უნდა ამ ქვეყნისათვის. ამ ბრტყელი სპეკულაციური განცხადებების გარდა, არ მოგვისმენია პროგრამის მსგავსი ელემენტარული აბზაციც კი. ვფიქრობ, ისევ გააგრძელებენ შეჯიბრს, თუ ვინ უფრო მეტი დამანგრეველი ძალის მფლობელია, რომელს უფრო მეტად შეუძლია დესტაბილიზაცია მოახდინოს ქვეყანაში და მელია შეეცდება დაადასტუროს, რომ ხაბეიშვილზე არანაკლები ნგრევის უნარი გააჩნია. თუმცა მე ვფიქრობ, დღეს ჩვენ სახელმწიფოს ეს არ სჭირდება და მხარდაჭერა ნაკლებად ექნება ამ სტრატეგიაში,“ – აღნიშნა ვოლსკიმ.