ვლადიმირ პუტინი: წელს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ზებგერითი იარაღი შეემატება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

სანკტ-პეტერბურგში რუსეთის ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე აღინიშნა.

 

საზღვაო ძალების აღლუმში 46-მა სამხედრო გემმა, წყალქვეშა ნავებმა, 42-მა საჰაერო ხომალდმა და 4 000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. აღლუმს რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ფლოტს სხვადასხვა კლასის 40 საზღვაო ხომალდი შეემატება.

პუტინის თქმით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ზებგერითი სარაკეტო დანადგარებიც შეემატება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„ფლოტის უნიკალური უპირატესობებისა და საბრძოლო შესაძლებლობების ზრდა მოხდება მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების, მსოფლიოში ანალოგის არ მქონე ზებგერითი სარაკეტო კომპლექსების, უპილოტო წყალქვეშა აპარატების და ყველაზე ეფექტური თავდაცვითი საშუალებების ფართოდ დანერგვის გზით“, – განაცხადა მან სანკტ-პეტერბურგში გამართულ სამხედრო საზღვაო აღლუმზე.

როგორც რუსული მედია წერს, ქვეყანაში ახალი ზებგერითი საზღვაო რაკეტის – „ცირკონის“ გამოცდა მიმდინარეობს.

“აიპიენი”