გივი მიქანაძე – როგორც ჩანს, ორგანიზაციებს რაღაც აქვთ დასამალი

არგუმენტები, რატომ არ უნდა მივიღოთ კონკრეტული კანონი, არ მოგვისმენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო კრიტიკას ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით.

მიქანაძე ამბობს, რომ “ვიღაც ორგანიზაციებს აქვთ რაღაც დასამალი და არ მოსწონთ, რომ საჯაროდ მოუწევთ ინფორმაციების წარდგენა”.

“აშშ ამბობს, რომ ამერიკული პროექტი არ არის და თავის კანონზე იძახიან, რომ რუსული კანონპროექტია?! – არასწორია, ეს არის დეზინფორმაცია. ჩაიხედეთ შინაარსში, ნახეთ, შეადარეთ. პირველადი ვერსია აბსოლუტურად ქართულია და არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს ამერიკულისგან განსხვავებით, ის ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. როგორც ჩანს, ვიღაც ორგანიზაციებს აქვთ რაღაც დასამალი და არ მოსწონთ, რომ საჯაროდ მოუწევთ ინფორმაციების წარდგენა. თუკი პოლიტიკურ სუბიექტებს ვალდებულება აქვთ თითოეულ თეთრზე წარვადგინოთ ანგარიში, თანამდებობის პირებს აქვთ ვალდებულება, რომ გამოვაქვეყნოთ დეკლარაციები, რატომ არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ ორგანიზაციებს გარე წყაროებიდან როცა აქვთ დაფინანსება, ეს საჯარო იყოს, არ არის ეს გამჭვირვალე. საუბარია საჯაროობაზე, რა პრობლემაა ამაში? რატომ ხედავთ პრობლემას ამაში? მაქსიმალურად მიმდინარეობს დეზინფორმაცია, თითქოსდა ეს არის სტუდენტებთან, ლექტორებთან ფერმერებთან დაკავშირებული, ეს არის სრული დეზინფორმაცია, საუბარია იურიდიულ პირებზე. საუბარია რეესტრზე და რაც შეეხება დასახელებას, ეს არის ის, რასაც ეჭიდებიან და ებღაუჭებიან, თითქოსდა და აქედან გამომდინარე არის პრობლემა, წინა სხდომაზე დავაფიქსირე და ეს იქნა შეტანილი სხდომის ოქმში, რომ მას შემდეგ რაც იქნება ვენეციის კომისიას დასკვნა, ვიმსჯელოთ ამაზე. პრინციპების დონეზე ვქმნით გამჭვირვალეობის და ანგარიშგების პრინციპებს, მეტს არაფერს.

არგუმენტები რატომ არ უნდა მივიღოთ კონკრეტული კანონი არ მოგვისმენია. ასეთი კანონი მოქმედებს არა მარტო ამერიკაში, გნებავთ, კანადაში, ისრაელში, ავსტრალიაში. ელჩებმა იცით რა თქვეს, როცა წინა კვირას იყო შეხვედრა, საუბარი იყო იმაზე, რომ გამჭვირვალეობა და ანგარიშგება არ არის პრობლემა, ანუ ისინი ამას პრობლემას არ აფასებენ. ჩვენ ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე”, – განაცხადა მიქანაძემ.